მეუფე სპირიდონის კრიტიკას ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე პასუხობს. მეუფე პეტრე მეუფე სპირიდონს ცილისწამებაში ადანაშაულებს. სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა ქადაგებისას მეუფე პეტრე გააკრიტიკა და პატრიარქის წინააღმდეგ ქმედებებში დაადანაშაულა.
მეუფე პეტრე აღნიშნავს, რომ ეკლესიაში არსებული პრობლემური საკითხებისადმი გულგრილი დამოკიდებულება იგრძნობა და ერთ-ერთ მთავარ საკითხად მამა გიორგი მამალაძის საქმე მოჰყავს.
„ქვეყნის სიყვარული, ღვთისა და ერის წინაშე მიღებული მღვდელმთავრული პასუხისმგებლობა მაიძულებს, ვუპასუხო არათუ დასმულ შეკითხვებს, არამედ თქვენ მიერ გამოთქმულ ცილისწამებასაც. თქვენი ქადაგება მრევლში დიდი ხანია, გაორებას იწვევს და არაერთგზის დამსახურებულად იყავით მხილებული. ვიდრე ეკლესია სამართლებრივად შეეხება დასმულ საკითხს, როგორც სინოდის წევრი, თავს ვალდებულად ვთვლი, გამხილოთ და მოგიწოდოთ საჯარო სინანულისკენ,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ.
მეუფე პეტრე დეკანოზის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და აღნიშნავს, რომ ის „უსამართლობის და უზნეობის“ მსხვერპლია.
მეუფე პეტრე ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე ღიად საუბარი პატრიარქთან დაპირისპირებას არ გულისხმობს და სწორედ მეუფე სპირიდონის თანამოაზრეები „მიდიან ილია მეორეს დისკრედიტაციამდე“.
მეუფე პეტრე მეუფე სპირიდონს ციანიდის საქმესთან დაკავშირებით დუმილის გამოც აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მისი ქადაგება „საბჭოთა ადამიანისას“ ჰგავს.
„ციანიდის საქმის რეზონანსულობის მიუხედავად, თქვენგან არასდროს გვსმენია ამ საკითხზე საჯაროდ გამოხატული აზრი. ნუთუ, მართლა გჯერათ, ეკლესიისთვის მეტად შეურაცხმყოფელი და ცინიკური ვერსიისა, რომ დეკანოზი ციანიდით მიემგზავრებოდა გერმანიაში პატრიარქის მდივან-რეფერენტის მოსაწამლად და ამ ბოროტებას სჩადიოდა კარიერული წინსვლისათვის. ანუ მკვლელ და დევნილ დეკანოზს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი ეპისკოპოსად გამოარჩევდა და აკურთხებდა?! მაშინ როდესაც, როგორც დეკანოზი იხსენებს კათოლიკოს პატრიარქი ციანიდის საქმემდე რამდენიმე თვით ადრე პირადად სთავაზობდა მას ახალი ეპარქიის შექმნას ქობულეთში და მღვდელმთავრად გამორჩევას, თუმცა მამაომ ამ შეთავაზებაზე თქვენგან განსხვავებით თავი ღირსად არ ჩათვალა და უარი განაცხადა! თქვენ კი ამ ყველაფერზე გვავალდებულებთ დუმილს? ისევე როგორც, თქვენის აზრით უნდა დადუმებულიყო ეკლესია 80-იან წლებში უდანაშაულო მღვდლის დახვრეტისას? ისევე როგორც უნდა დადუმებულიყო ავადსახსენებელი 90-იანების მოვლენებისას? ისევე როგორც უნდა დადუმებულიყო კრემლის დავალებით ეროვნული და კანონიერი ხელისუფლების იარაღით დამხობისას, თქვენი ჩათვლით? ესეთი აზროვნება ხომ საბჭოთა მემკვიდრეობაა და სამწუხაროდ თქვენი სიტყვიდან და ქადაგებებიდან გამომდინარე, თქვენში დავინახე საბჭოთა ადამიანი, მწყემსი კეთილის ნაცვლად,“ - ამბობს მეუფე პეტრე.