დიდ დიღომში, ტრაგედიის ადგილზე დილიდან ისევ განახლდა საგამოძიებო მოქმედებები და გაწმენდითი სამუშაოები. ავთანდილის 8 ნომერი ამ დრომდე ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული. კორპუსთან იკრიბებიან ადგილობრივებიც. მათ იმედი აქვთ, რომ საცხოვრებელ სახლებში შესვლას შეძლებენ. როგორც მოსახლეობა ამბობს, ახლა მთავარია, რა მდგომარეობაში დახვდებათ ბინები და როდის შეძლებენ იქ საცხოვრებლად შესვლას.
ადგილზე იმყოფება საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წევრი, ავთანდილ ცინცაძე რომელიც ამბობს, რომ ამ ეტაპზე ყველა გამოძიებას უნდა დაელოდოს.
„უნდა დაველოდოთ გამოძიებას, თუ ვინმეს ბრალეულობა დადგინდა, ამას გამოძიება გასცემს პასუხს, აცილებით ვერავინ აიცილებს თავიდან (პასუხისმგებლობას), გამოძიება გვიჩვენებს ყველაფერს,“- ამბობს ავთანდილ ცინცაძე.