17 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
აფეთქება დიდ დიღომში - ადგილობრივები "ყაზტრანსგაზის" წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით „ყაზტრანსგაზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას ავთანდილის ქუჩის მცხოვრებლები კრიტიკულად აფასებენ.

„ყაზტრანსგაზის“ ინფორმაციით, დეტექტორმა გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა. კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კორპუსის რამდენიმე ბინაში დამონტაჟებული ბუნებრივი გაზის გაჟონვის დეტექტორები დენის წყაროდან გამორთული იყო.

დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლები „ყაზტრანსგაზს“ უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მათი თანამშრომლები ადგილობრივებს ცინიკურად ესაუბრებოდნენ.

ავთანდილის ქუჩის მცხოვრებლებს რჩებათ შთაბეჭდილება, რომ „ყაზტრანსგაზი“ პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, თუმცა, ისინი დავის შეწყვეტას არ გეგმავენ. 

კომპანიის აღნიშნული განცახდების გამო ადგილობრივები სამართლებრივ რეაგირებას გეგმავენ და "ყაზტრანსგაზის" წინააღმდეგ სარჩელსაც შეიტანენ.

„ყაზტრანსგაზმა რა განცხადებაც გაავრცელა, ეგ არის სრული აბსურდი და სისულელე, მეც რომ ვყოფილიყავი ჩემი მეზობლის ადგილზე. გამოიძახეს, შეამოწმეს, სუნ დგას, დეტექტორმა არ აღმოაჩინა, მაშინ დეტექტორი იყო დაზიანებული, სუნი იდგა, საღამოსაც რომ მოვედი, მაშინაც იდგა. მოაწერინა ხელი, უთხრა, პროფესიონალ ადამიანს ვიძახებთ, მოვიდა გვითხრა, რომ ეს სუნი გავა, ჰაერი გაიტანს, არაფერი, მომიწერე ხელი, მოვუწერ. ეგ განცხადება, ახლა, თავის არიდებას თუ ნიშნავს, სხვანაირად წავა მაშინ აქ, დიდი ალბათობით, საქმე. ადვოკატს დაველაპარაკებით და მივხედავთ მაგ საქმეს სხვანაირად,“ - ამბობს ადგილობრივი.

„ყაზტრანსგაზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავთანდილის ქუჩაზე კვალიფიციური გუნდი მივიდა და რადგან არ არსებობდა ადგილზე პრობლემა, შესაბამისი აქტი შედგა, სადაც ადგილობრივების ხელმოწერაც არის.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებლებმა დოკუმენტზე ხელი სპეციალისტების ნათქვამის შემდეგ მოაწერეს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ადგილზე გზის გაჟონვის არანაირი საშიშროება არ იყო.

„ამაზე, ალბათ, ნებისმიერი მოაწერდა ხელს, რომ მან ნახა პიროვნება, რომელიც მოვიდა, რაღაც, თითქოს, მოიძია და გააკეთა, მაგრამ რამდენად სწორად შეამოწმა, რამდენად გულისხმიერებით მოეკიდა მის დაკისრებულ მოვალეობას, ახლა მირიანს ვერც დავავალდებულებდით, რომ სცოდნოდა, როგორ მოეძებნა დაზიანება, შესაბამის სამსახურს არ გამოიძახებდა. მაგათ აკისრიათ ის ვალდებულება, ჩართვაზე, გადახდაზე, ტარიფის მომატებაზე, მგონი, მშვენივრად წყვეტენ თავის თათბირზე,“ - ამბობს დაზარალებული.

დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება ორი დღის წინ მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი არასრულწოვანი. ასევე, ნგრევის დროს დაშავდა 8 ადამიანი.

სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები