H1N1-ის შემდეგ საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა. ჯანდაცვის უწყება მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული, ასევე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ კლინიკები, სადაც ვაქცინაცია ტარდება.
მედიკოსები მოუწოდებენ მოსახლეობას, დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია, აცრან ბავშვები და ასევე ჩაიტარონ ვაქცინაცია ზრდასრულებმაც, ვისაც არ ახსოვს, ან არ იცის, აქვს თუ არა ჩატარებული წითელას აცრა.
საქართველოს ყველა მოქალაქეს აცრა უფასოდ უტარდება. მედიკოსების თქმით, ვაქცინაცია სრულიად უსაფრთხოა მოქალაქეებისთვის.
„გადასული ვართ 12-საათიან რეჟიმზე, დილის 10-დან საღამოს 10 საათამდე მუშაობს ამცრელი კაბინეტი და მიმდინარეობს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ვაქცინაცია უტარდებათ ძირითადად არასრულყოფილად აცრილი ვინც არის, მათ ან გამოტოვებული აცრები ვისაც აქვს ჩატარებული. ეს აფეთქება გამოიწვია იმან, რომ 2005-2006 წლებში მოხდა წითელას აცრის საწინააღმდეგო მასობრივი კამპანიის ჩავარდნა, ჩავარდა ეს კამპანია, არ მოხდა აცრები და ამან დააგროვა ეს აუცრელი არაიმუნური ფენა,“ - განაცხადა კლინიკა მედკაპიტალის იმუნოლოგმა, მარინა ჩივაძემ.
საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის სამედიცინო დირექტორი, ბექა იოსელიანი, ამბობს, რომ ვაქცინაციის ჩატარების მსურველთა რაოდენობა საკმაოდ გაზრდილია.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში წითელას უკვე 335 შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტების უმეტესობა 20-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. სწორედ ამ ასაკობრივ კატეგორიაში ინფექცია ყველაზე რთულად მიმდინარეობს. კლინიკაში ამ დროისთვის მკურნალობას 58 პაციენტი განაგრძობს.