ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი წითელას საწინააღმდეგო აცრის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.
დავით სერგეენკოს თქმით, შაბათ-კვირის განმავლობაში, როგორც რაიონებში, ისე თბილისში, სამედიცინო დაწესებულებები იმუშავებენ, სადაც მოქალაქეებს აცრების ჩატარება შეეძლებათ.
„შაბათ-კვირის განმავლობაში, როგორც დედაქალაქში, ასევე რაიონებში იმუშავებენ სამედიცინო დაწესებულებები. ამ სამედიცინო დაწესებულებების მისამართის გაგება მოქალაქეებს შეუძლიათ, როგორც ცხელი ხაზის საშუალებით, ასევე ინფორმაციით, რომელსაც მივაწვდით, სადაც შეეძლებათ მივიდნენ და ჩაიტარონ აცრა. ამ აცრების ჩატარება მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ მოცვა აცრებით იყოს სრული, ყველა იმ ადამიანის, ვინც რაიმე მიზეზის გამო თავის დროზე ვერ ჩაიტარა ეს ვაქცინაცია,“ - აცხადებს დავით სერგეენკო.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი მოქალაქეებს მოუწოდებს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის დროულ ჩატარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, დაავადების ეპიდაფეთქება არ შეჩერდება.
ამირან გამყრელიძე ხაზს უსვამს, რომ ორსულობის პერიოდში აცრა დაუშვებელია.
„წითელას ეპიდაფეთქება შეჩერდება, თუ ჩვენ არ ავიცერით, სხვა გზა წითელას ეპიდაფეთქების შეჩერების არ გახლავთ. ის შეიძლება, ოდნავ ჩაწყნარდეს რაღაც პერიოდის განმავლობაში, მაგრამ მერე ისევ შეგვახსენებს თავს. ამიტომ, ჩემი მოწოდება და თხოვნაა მოსახლეობისადმი, რომ დროულად ავიცრათ," - აცხადებს გამყრელიძე.
H1N1-ის შემდეგ საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა. ჯანდაცვის უწყება მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული, ასევე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ კლინიკები, სადაც ვაქცინაცია ტარდება.
მედიკოსები მოუწოდებენ მოსახლეობას, დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია, აცრან ბავშვები და ასევე ჩაიტარონ ვაქცინაცია ზრდასრულებმაც, ვისაც არ ახსოვს, ან არ იცის, აქვს თუ არა ჩატარებული წითელას აცრა.