სპორტის სასახლეში გადაღებულ ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, თუ როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ევროპის ჩემპიონს, დეპუტატი სიმონ ნოზაძე ეხმაურება.
სკანდალურ კადრებში, რომელიც "შაბათის კურიერმა" გაახმაურა, ნაჩვენებია, რომ ჩოჩქოლის დროს, ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე, ევროპის ორგზის ჩემპიონს ჯაჭვით ხელში უახლოვდება და მას ზურა დათუნაშვილის მიმართულებით იქნევს. სპორტსმენს ჯერ ჯაჭვი, შემდეგ კი სახეში მუშტი ხვდება.
დეპუტატის თქმით, ასეთ საკითხში სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული და ამავე დროს, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს სპორტის სამინისტრომაც.
„მოჭიდავეები ძალიან კოლეგიალურები არიან, მე მათთან ახლო ურთიერთობა მქონდა წლების მანძილზე, ერთმანეთის გამტანი ხალხი არიან, მაგრამ რატომღაც მოვლენები ამ ბოლო დროს სხვანაირად განვითარდა. ასე მგონია, სახელმწიფომაც უფრო აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს ამ პროცესების დარეგულირებაში, მათ შორის სამინისტრომაც თავისი სიტყვა უნდა თქვას. ამგვარი რამ არ უნდა ხდებოდეს, რა თქმა უნდა. ჯერ გამოძიებული არ არის, მე ამის თქმის საშუალება არ მაქვს, მაგრამ თვითონ დათუნაშვილის კომენტარი მე წავიკითხე და დიახ, აღმაშფოთებელია, თუკი ასეთი რამ მოხდა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა ბლაგვი საგანი ჩაარტყა თავში და დასისხლიანებული მოჭიდავე გვაჩვენეს,“ - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.
სპორტის სასახლეში გადაღებული ექსკლუზიური კადრები "შაბათის კურიერმა" გაასაჯაროვა. თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეომასალის მიუხედავად, გეგა გეგეშიძე სამართალდამცველებს არ დაუკავებიათ.