"ხალხი იმსახურებს ღირსეულ სასამართლოს","კლანი წავიდეს სახლში" - ამ მოწოდებებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან სამოქალაქო სექტორის აქცია გაიმართა. საბჭოს მოსამართლე წევრების წინააღმდეგ აქციას საბჭოს არამოსამართლე წევრებიც შეუერთდნენ.
თუმცა, როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, ის როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ვერ შეუერთდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქოს საზოგადოებისა სხვადასხვა ჯგუფების მთავარ მოთხოვნას - გადადგეს იუსტიციის საბჭოს ყველა მოსამართლე წევრი.
ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ პირები, რომელთა გადადგომასაც არასამთავრობოები ითხოვენ დიდი მორალური პასუხისმგებლობით არ გამოირჩევიან. შესაბამისად, ჯანეზაშვილი ეჭვობს, რომ მოსამართლეები გადადგომის გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.
„მაშინ როდესაც იუსტიციის საბჭოს მდივანი ურცხვად აცხადებს, რომ ის იმსახურებს სისტემაში დარჩენას და უნდა კარიერის დაგეგმვა, მაშინ, როდესაც მურუსიძე ინიშნება უვადოდ, მაშინ როდესაც ჩინჩალაძეს აქვს პრეტენზია, რომ გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და ალბათ შემდეგ თავმჯდომარეობასაც მოისურვებს, მე არ მაქვს იმედი, რომ ამ ადამიანებს მორალური პასუხისმგებლობა შეაწუხებთ და გადადგებიან. ამიტომ არ ვიცი რა შედეგები მოჰყვება ამ მოთხოვნებს, მე როგორც საბჭოს წევრი გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით თავს შევიკავებ, რადგან საბჭოს წევრი ვარ , მაგრამ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს თუ ვინ მართავს სასამართლო სისტემას“-ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.
იუსტიციის საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ იწყება მოძრაობა, რომელიც დაასრულებს სასამართლოში კლანურ მმართველობას.
„ეს არის დასაწყისი მხოლოდ მოძრაობისა, რომლის მიხედვითაც, დამთავრდება კლანური მმართველობა სასამართლოში და სასამართლოში ჩვენ შევიყვანთ სუფთა, დამოუკიდებელ ადამიანებს, რომლებიც დაემორჩილებიან მხოლოდ სინდისსა და კანონს,“-აცხადებს ანა დოლიძე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობდა. შენობასთან დილიდან შეიკრიბნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები და ადვოკატები.
მათ დემონსტრაციულად მოაწერეს ხელი სპეციალურ მანიფესტს, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ 11 წევრის გადადგომას ითხოვენ, ვინც უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლეების ათკაციან სიას მხარი დაუჭირა.