ლიბიაში გაუჩინარებული 23 წლის ქართველი მეზღვაურის ბედი ამ დრომდე, უცნობია. დავით რაზმაძის ოჯახს ეგვიპტის საკონსულომ უცნობი ცხედრის ფოტოები გადმოუგზავნა ამოსაცნობად.
გაუჩინარებულის დედა, რომელიც კვიპროსში ცხოვრობს, გამორიცხავს, რომ მისი შვილი გარდაცვლილია. მისი თქმით, მას გაუგზავნეს ფოტოები, რომ თითქოს მისი შვილის ცხედარი იპოვეს და გადამოწმების მიზნით დნმ-ს სთხოვენ.
23 წლის ქართველი მეზღვაურის ბებია და ბიცოლა, რომლებიც ბათუმში ცხოვრობენ ამბობენ, რომ მათთან კონტაქტი 2 კვირის წინ შეწყდა. ისინი იმედოვნებენ, რომ ქართული მხარე ახალგაზრდის ადგილმდებარეობას დაადგენენ.
ახალგაზრდა მეზღვაურის ახლობლებს მომხდარის ვერსიებზე საუბარი უჭირთ და ეჭვი აქვთ, რომ ის დაპატიმრებულია.
ნინი ლაბაძე ამბობს, რომ 23 წლის ქართველი მეზღვაურის დედისთვის გადაგზავნილ ფოტოებზე დავით რაზმაძე არ არის ასახული.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის ცოცხალია, იმედი გვაქვს, რომ ის გემიდან ჩასულია და დაკავებულია და გვჭირდება ძალიან სწრაფი რეაგირება. უკვე ძალიან გადავიღალეთ და უკვე ძალიან განვიცდით ამ ყველაფერს,“ ამბობს ლაბაძე.
ქართველი მეზღვაური, 7 იანვარს ლიბიის ერთ-ერთი პორტიდან გაუჩინარდა. დავით რაზმაძის მამის ძმა და მისი მეუღლე 2008 წლის ომის დროს, გორის ვერხვების დასახლების დაბომბვისას დაიღუპნენ.
დავით რაზმაძის მამის, ზაზა რაზმაძის ფოტომ, სადაც იგი დაღუპული ძმის ცხედარს დასტირის, მთელი მსოფლიო შეძრა. თავად ზაზა რაზმაძე კი 2014 წელს უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა.