„ქართული ოცნება“ პოლიტიკური ზონდერებით მუშაობს - ასე აფასებენ სპორტის სასახლეში 11 იანვარს მომხდარ დაპირისპირებას საპარლამენტო უმცირესობაში.
„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მომხდარი თავდასხმის მიზეზი დაუსჯელობის სინდრომია.
სერგო რატიანი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მხრიდან ზურაბ დათუნაშვილზე განხორციელებულ თავდასხმას კორცხელის ინციდენტს უკავშირებს, რადგან მიდი თქმით, თავის დროზე ინციდენტში მონაწილე პირებმა დანაშაულზე პასუხი არ აგეს.
„ქართული ოცნების ხელისუფლებას ჰყავს ფასიანი ზონდერები, რომლებიც სხვადასხვა ფედერაციასა და სსიპ-ებში არიან მოთავსებულები. ის, რაც ჩვენ ამ შემთხვევაში ვნახეთ, ეს იყო საჩვენებელი სადამსჯელო ღონისძიება და ეს ადამიანები იმდენად დარწმუნებულები არიან დაუსჯელობაში, რომ შეუძლიათ, თავს უფლება მისცენ, რომ ამდენი ადამიანის თანდასწრებით ჩაიდინონ კრიმინალი,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ევროპის ჩემპიონზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ხოლო „შაბათის კურიერში“ გასული სკანდალური კადრების შემდეგ პოლიციაში დაკითხვების სერია მიმდინარეობს.
ვიდეომასალაში, რომელიც „შაბათს კურიერის“ ეთერში გავიდა, კარგად ჩანს, რკინის თავიანი ჯაჭვი, რომელსაც გეგა გეგეშიძე სპორტსმენს სახეში ურტყამს.
საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით, ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე დაპირისპირებაში მონაწილე პირებმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს, ამიტომ ისინი სასამართლო წესით გამოიკითხებიან.