17 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
"მან მოიპარა სასამართლო ხელისუფლება," - ანა ნაცვლიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს 

„ეს ორგანო დგას კონსტიტუციაზე და კანონზე მაღლა და მან მოიპარა სასამართლო ხელისუფლება,“ - ეს განცხადება, იურისტმა ანა ნაცვლიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან გამართულ აქციაზე გააკეთა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადვოკატები, აქტივისტები და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან შეიკრიბნენ. მათ უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობის შეცვლა მოითხოვეს.  

ანა ნაცვლიშვილის თქმით, სასამართლო სისტემაში შექმნილ კრიზისზე საუბრობს. 

„ეს ორგანო დგას კონსტიტუციაზე და კანონზე მაღლა და მან მოიპარა სასამართლო ხელისუფლება და ახლა უნდა, რომ ამ მოპარვით და ამ ქურდობით მოიპაროს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენი შვილების მომავალი. ეს არის დაუშვებელი და პარლამენტმა ეს უნდა გაიგოს, რომ აქ კანონში ორი მუხლის პრობლემა კი არ არის, აქ არის შექმნილი უმძიმესი კრიზისი, მათ შორის მისი თანამონაწილეობით,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე სასამართლო სისტემიდან გავლენიანი კლანის ჩამოშორების აუცილებლობაზე საუბრობს.

„სამწუხაროდ, მივედით იმ ეტაპზე, როდესაც რეფორმები მხოლოდ საკმარისი არ არის. თუკი შესაბამისად, ასევე სასამართლო სისტემას არ ჩამოშორდება გავლენის მქონე კლანური დაჯგუფება, რომელიც პრაქტიკულად ახდენს ამ მთელი სისტემის უზურპირებას, რომელიც უნდა იყოს დაფუძნებული ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობაზე და არა რაღაც ტიპის კლანურ მმართველობაზე,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

იუსტიციის საბჭოს წინ გამართულ აქციაზე იმყოფებოდა ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორი, ლაშა ტუღუში. მისი თქმით, საზოგადოებას არ სურს ისეთი სასამართლო, როგორიც დღეს ქვეყანაში არსებობს.

„რაც შეეხება მმართველი ძალების თუ პოლიტიკური ელიტების ნებას, ჩვენ დავინახეთ, როგორია ეს ნება. ამიტომ მათ ანგარიში უნდა გაუწიონ და დაემორჩილონ იმ ნებას, რომელიც აქვთ მოქალაქეებს და მოქალაქეებს ნამდვილად არ უნდათ ასეთი სასამართლო, როგორიც დღეს გვაქვს,“ - აცხადებს ლაშა ტუღუში.

დღის ამბები