ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობის უვადო სპეცნებართვა ტერიტორიის კერძო მესაკუთრეს 2013 წელს აქვს აღებული, თუმცა, ამის მიუხედევად, დედაქალაქის მერია მშენებლობის გაგრძელების საშუალებას არ იძლევა.
კახა კალაძე მშენებლობის ნებართვის გაცემაში წინამორბედს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ნებართვა ინვესტორმა გიგი უგულავას მერობის პერიოდში უკანონოდ მოიპოვა.
„ბატონმა უგულავამ, რომელიც გახლდათ ქალაქის მერი, რა თქმა უნდა, არასწორად გასცა ნებართვა. სპეცნებართვაა გამოცემული იმისთვის, რომ ვაკის პარკში აშენებულიყო 30-მეტრიანი, დაახლოებით 8-9-სართულიანი შენობა-ნაგებობა. ეს, რა თქმა უნდა, უკანონო იყო და ამას ვეწინააღმდეგებით. წინადადება შევთავაზეთ ინვესტორს, რომელზეც უარი განაცხადა. ეს იყო ადგილმონაცვლეობა - ერთი და მეორე, აღდგენილიყო იგივე, რაც იყო ამ კონკრეტულ ადგილზე. ის რესტორანი ბუდაპეშტი, რომელიც ვაკის პარკთან ერთად აშენდა, აღდგენილიყო ეს იგივე ზომებში, იგივე მოცულობებში, რაზეც უარი მივიღეთ,“ - აცხადებს კალაძე.