„ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ“ - ეს განცხადება ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა, მამა კონსტანტინე ჭინჭარაულმა, მონასტრის მიმდებარედ გარევაჭრობასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისი თქმით, ტერიტორიაზე დიდი პროექტის მოწყობა იგეგმება, შესაბამისად, გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვება მაინც მოუწევდათ.
„ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, არ უნდა ხდებოდეს გარევაჭრობა იმ ფორმით და იმ სახით, როგორიც ხდებოდა ჩვენი მონასტრის წინ. მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის ერთობლივი ფონდი აპირებს, რომ იქ გაკეთდეს დიდი პროექტი, უნდა მოწესრიგდეს ტაძრის შიდა ეზო, ინფრასტრუქტურა, რკინების საკითხი. ამ პროექტს იწყებენ სულ მალე და ამიტომ მაინც მოხდებოდა მათი გაყვანა,“ - განაცხადა მამა კონსტანტინე ჭინჭარაულმა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი კაპანაძე, აცხადებს, რომ ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია მერიას არ ეკუთვნის, შესაბამისად, გარევაჭრობის ნებართვის გაცემის უფლება მუნიციპალიტეტს არა აქვს.
„მათ მიეცათ სამდღიანი ვადა. მაგრამ მე მინდა, მოგახსენოთ ისიც, რომ ეს ჩვენგან აკრძალვა, როგორც ასეთი, არ არის, უბრალოდ, ტერიტორია, რომელზეც დღეს გარევაჭრობა მიმდინარეობს, არ ეკუთვნის მცხეთის მუნიციპალიტეტს. აქედან გამომდინარე, მცხეთის მუნიციპალიტეტი ამ ტერიტორიაზე ვაჭრობის ნებართვას ვერ გასცემს. რადგან მე ნებართვას ვერ გავცემ, ამიტომ არის ის აკრძალვა,“ - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მოვაჭრეებს სამდღიანი ვადა მისცა და მათ ამ დროის განმავლობაში მოსთხოვა ტერიტორიის დატოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აპირებენ იძულების წესით მოხდეს მოვაჭრეების ტერიტორიიდან გაყვანა.
გადაწყვეტილების მიღებამდე მათ მოლაპარაკებები აწარმოეს ჯვრის მონასტრის წინამძღვართან. შეხვედრას ზედამხედველობის სამსახურის გარდა, სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილე ესწრებოდა.
მერია ტაძრის წინამძღვარს ალტერნატიული დახლების დადგმას სთავაზობდა ტერიტორიაზე, თუმცა, წინამძღვარი გარევაჭრობის წინააღმდეგია. სასულიერო პირებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი