რიგები ენგურის ხიდთან - საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა. მოქალაქეები, რომლებსაც სურთ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ, ამბობენ, რომ რიგში დგომა დღეების განმავლობაში უწევთ. ისინი კორუფციულ ფაქტებზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ ე.წ. მესაზღვრეები მათ საოკუპაციო ხაზის გადასაკვეთათ 300 ლარს სთხოვენ.
ე.წ. საზღვარი ჩაკეტა ოკუპირებულმა ცხინვალმაც. მიზეზად კი გრიპის ვირუსი სახელდება. ადგილზე არსებული ვითარება კი, მოსახლეობის თქმით, კატასტროფულია. აფხაზეთი და ცხინვალი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას.
თბილისში დარწმუნებულები არიან, რომ გადაწყვეტილება ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის თაობაზე ოკუპირებულმა რეგიონებმა მოსკოვთან შეთანხმებით მიიღეს და ამით ისინი პოლიტიკურ ქულებს იწერენ.
„ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ქულების დაწერას და მოსკოვისთვის ჩვენებას, რომ ბოლომდე ატარებენ მათ დღის წესრიგს. თუ ეს ჩაკეტვა გამოიწვევს სერიოზულ ჰუმანიტარულ პრობლემებს ადგილზე, მათ შორის, საკვების ნაკლებობას, ჯანდაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს და სხვა, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად აქტიურები, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, განსაკუთრებით ჰუმანური ტვირთების შეტანის კუთხით მოვახდინოთ ზეწოლა მოსკოვზე,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ.
კორუფციის ნიშნებზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობა. გიორგი ბარამიძის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით საოკუპაციო რეჟიმი ფულს აკეთებინებს ე.წ. მესაზღვრეებს.
"საოკუპაციო რეჟიმები, უბრალოდ, ფულს აკეთებინებენ იმ ქვედანაყოფებს, რომლებიც ოკუპაციის ხაზზე ე.წ. მესაზღვრეებად ჰყავთ განლაგებულები. სწორედ ამაშიც არის ძალიან სერიოზული როლი იმ პროცესებისა და მექანიზმებისა, რომელიც აქვს საქართველოს საოკუპაციო რეჟიმებთან ურთიერთობის დროს და პირველ ყოვლისა, ოკუპანტ სახელმწიფოსთან ურთიერთობისა ჩვენს მეგობრებთან ერთად იმისთვის, რომ ეს მექანიზმები ეფექტურად მუშაობდნენ და ამგვარი პრობლემები საერთოდ არ დადგეს,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.