ორ ნაწილად გაყოფილი სპორტსმენები და დაძაბულობა ჭიდაობის ფედერაციაში - მიხეილ ბატიაშვილი სიტუაციის განმუხტვას სპორტსმენებთან მოლაპარაკებების გზით აპირებს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ამბობს, რომ ახლა მთავარია, პროცესი გადავიდეს დიალოგის რეჟიმში და სპორტსმენებმა შეძლონ სპორტულ დარბაზებში დაბრუნება.
„ადამიანებთან კომუნიკაცია, დიალოგი, ინფორმაციის გაცვლა, ეს არის ყველაზე მთავარი, რომლის საშუალებითაც უნდა მივაღწიოთ იმ ფორმატს, რომ ეს გადავიყვანოთ მშვიდ ვითარებაში. გამოძიება მიმდინარეობს, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ ასეთი პროცესების მიმართ. მთავარი არის, ხელი არ შევუშალოთ საგამოძიებო პროცესს. მეორე, დიალოგი გვქონდეს ყველა მხარესთან ერთად, მშვიდ ვითარებაში, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა შეძლონ სპორტულ დარბაზებში დაბრუნება,"- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გეგა გეგეშიძის დაკავების შემდეგ სპორტსმენების ერთმა ნაწილმა აქცია გამართა. ისინი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ვარჯიშების გაგრძელებაზე უარს აცხადებენ.
გეგა გეგეშიძის პოლიციამ გუშინ დააკავა. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს და ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც სპორტის სასახლეში მოჭიდავეზე ცივი იარაღით თავდასხმის კადრები "შაბათის კურიერმა" გაასაჯაროვა