"ქართული ოცნების" ოფისთან ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის და მევახშეების მიერ დაზარალებული ადამიანები შეიკრიბნენ.
ხანძრის შედეგად დაზარალებულების მთავარი მოთხოვნა პარტიის ლიდერებთან შეხვედრა და ზარალის ანაზღაურება. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დაზარალებულები კი, პარლამენტს მევახშეობის კანონის რეგულაციის შემოღებისკენ მოუწოდებენ.
აქციის მონაწილეები მოსამართლეების მიკერძოებულობაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში ისინი მევახშეების ინტერესს წარმოადგენდნენ, რამაც უამრავი ადამიანის უსახლკაროდ დარჩენა განაპირობა.
„ჩვენს ხელში არის უამრავი მასალა, სადაც მოსამართლეებმა არა მარტო უსამართლო, უკანონო გადაწყვეტილებები მიიღეს. არის პროცესუალური გადაცდომები, როცა მოსამართლეები პირდაპირ მხარეები იყვნენ მევახშეების. ამან გამოიწვია ზუსტად ასი ათასობით ადამიანების უსახლკაროდ დარჩენა. ამიტომ ვხედავთ, რომ ერთადერთ ადამიანს, ვისაც ხელეწიფება ეს პრობლემა გადაწყვიტოს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელთან შეხვედრას ჩვენ მოვითხოვთ უკვე მე-7 წელიწადია,“- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
"ქართული ოცნების" ოფისში მმართველი გუნდის ლიდერები არიან შეკრებილნი.