დასაქმება - უმუშევრობის მეთოდოლოგიის ცვლილება - ამ სახელწოდებით დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეხვედრა გაიმართა, რომელიც შრომის ბაზრის სტატისტიკის ახალ საერთაშორისო სტანდარტებს შეეხება.
ახალი მეთოდოლოგიით, 2020 წლიდან თვითდასაქმებულთა კატეგორიაში დასაქმებულად აღარ ჩაითვლებიან ის პირები, რომლებიც აწარმოებენ პროდუქციას და იყენებენ მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ახალი სტანდარტების დანერგვას მიმდინარე წლიდან დაიწყებენ.
“განხორციელდა თვითდასაქმებულთა კატეგორიის გადაკვალიფიცირება. ანუ ეს გულისხმობს იმას, რომ პირი, რომელიც მუშაობდა საკუთარ მამულში და მოჰყავდა პროდუქცია მხოლოდ ან უმთავრესად საკუთარი მოხმარებისთვის, ის პირები აღარ ჩაითვლებიან თვითდასაქმებულად. არსებობს მოლოდინი, რომ აღნიშნული ცვლილების შედეგად გაიზრდება უმუშევრობის დონის მაჩვენებელი. დადებითი იქნება თუ უარყოფითი საზოგადოებამ გადაწყვიტოს,“ - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტატისტიკოსი აცხადებს, რომ ახალი სტანდარტების და მეთოდოლოგიის გასავითარებლად, ხალხს უნდა ვკითხოთ როგორია ამ მხრივ რეალური ვითარება.
„შრომითი ბაზარი მსოფლიოში ძალიან სწრაფად იცვლება. ეს კი ქმნის რეალურ გამოწვევას, რომ ავხსნათ თუ რა ხდება. აქედან გამომდინარე ქვეყნები ავითარებენ ახალ სტანდარტს და მეთოდოლოგიას დასაქმებულთა და უმუშევრობათა სტატისტიკის შესახებ. ჩვენ უნდა ვკითხოთ ხალხს თუ როგორია ვითარება,“ - განმარტა კირან უოლშმა.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, უმუშევრობის კომპენსაცია ქვეყნისთვის ძალიან ბევრ გამოწვევასთნ არის დაკავშირებული, რომლის მყისიერად შემოღების უნარი დღეს მთავრობას რა თქმა უნდა არ გააჩნია.
„იმედი გვაქვს, რომ გვექნება რეალისტური თვითდასაქმებულთა შეფასების კრიტერიუმები, რომელიც ზოგადად ეკონომიკის დაგეგმვისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. უმუშევრობის დაძლევა ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული ქვეყნისათვის ძალიან ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. მე ამიტომ ვახსენე უმუშევრობის კომპენსაცია, რომლის მყისიერად შემოღების უნარი დღეს მთავრობას რა თქმა უნდა არ გააჩნია, მაგრამ ჩვენ უნდა შევკრათ ეს ციკლი,“ - აცხადებს რომან კაკულია.