საბავშვო ბაღების კვების ტენდერებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს თბილისის მერია გამოეხმაურა. მერის მოადგილე ბაგა-ბაღებში უხარისხო საკვების შეტანის თაობაზე კრიტიკას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ოპოზიცია ამ გზით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეგნებულად ცდილობს.
ილია ელოშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დარღვევები უმნიშვნელო ხასიათისაა, საკვების მიმწოდებელი კომპანია „ნილი“ 30 000 ლარით მაინც დაჯარიმდება.
„თევზის ფილეს ცხიმიანობაში ნაცვლად 7 პროცენტისა, იყო 6-დან 6,8-მდე პროცენტიანობა, ანუ შეგვიძლია, ვივარაუდოთ, სადღაც 0.2 პროცენტით იყო ცხიმიანობა ნაკლები... იმდენად მკაცრები ვართ ჩვენ, რომ მიუხედავად აი, ამ მინიმალური გადაცდომებისა, მაინც ჯარიმდება ამაზე კომპანია.
ყველის ნიმუშებში, ნაცვლად ნატურალური რძისა, რძის ფხვნილი აღმოჩნდა. ჩვენ მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ ამგვარ შემოწმებებს, მოულოდნელ შემოწმებებს. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არანაირი კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, თუ ვარგისიანობასთან დაკავშირებით, თუ მის მიკროშემადგენლობასთან დაკავშირებით და ა. შ. არ დგას. აქ იყო უმნიშვნელო გადაცდომები,“ - აცხადებს ელოშვილი.