ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მხარდასაჭერად მოჭიდავეები თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან იკრიბებიან. თამაზ გეგა გეგეშიძის პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა, თუმცა სპორტსმენების მობილიზება სასამართლოს შენობასთან მაინც ხდება.
თავად ბრალდებული გეგეშიძე კი თბილისის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. ცოტა ხნის წინ მასთან ადვოკატი ირმა ჭკადუა შევიდა. ჭკადუას იმედი აქვს, რომ სასამართლო გეგეშიძეს წინასწარ პატიმრობას არ შეუფარდებს.
„ბრალის დადგენილებას გავეცანი, გეგეშიძეს ბუნებრივია, შევხვდი. მის პოზიციასთან დაკავშირებით თავს შევიკავებ, ვინაიდან, ის თავად ისაუბრებს სასამართლო პროცესზე. გარკვეული მტკიცებულებები დამატებით უნდა გადმომცეს პროკურატურამ, მოგვიანებით შეიტანენ სასამართლოში და სავარაუდოდ, დღეს იქნება პროცესი, თუმცა შესაძლებელია, რომ ხვალაც ჩატარდეს. აღნიშნული სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებისთვის, რომელიც ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ჯერ დაკავებული არავინ არ ყოფილა. ვფიქრობთ, რომ მიკერძოებული და სუბიექტურია ბრალდების მხარე მოცემულ შემთხვევაში,“ - აცხადებს ადვოკატი.
უფლებადამცველი ამბობს, რომ დაცვის მხარე სასამართლოს გირაოს შესთავაზებს.
„ჩვენ ალტერნატივის სახით ბუნებრივია შევთავაზებთ, მაგრამ გირაოს ოდენობაზე ჯერ შეთანხმებულები არ ვართ,“ - აცხადებს ირმა ჭკადუა.