17 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
4 წლის გოგონას გარდაცვალება - მთავრობის ადმინისტრაციასთან სამგლოვიარო აქცია გაიმართება

მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის, 4 წლის ნინოს სამგლოვიარო აქცია გაიმართება. 

უფლებადამცველები მომხდარზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებენ. მათი განმარტებით, მცირეწლოვანზე სისტემატიური ძალადობის შესახებ, ყველა შესაბამისი უწყება იყო ინფორმირებული თუმცა არც ერთმა სამსახურმა რეაგირება არ მოახდინა.

იურისტები ბავშვზე ზრუნვის სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ.

“ეს საქმე და სხვა საქმეები ავლენენ, რომ ბავშვების დაცვის და ბავშვებზე ზრუნვის სისტემას აქვს ძალიან სერიოზული ხარვეზები. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ როგორც მთავრობამ, ასევე პარლამენტმა საჩქარო წესით გააკეთოს შეკრება და შეისწავლოს ყველა ის პრობლემა, რომელიც ბავშვებზე ზრუნვის სისტემას დღეს საქართველოში აქვს და გადადგას ძალიან სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები,“-განაცხადა იურისტმა ანა ნაცვლიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საგამოძიებო უწყებას მოუწოდებენ გაასაჯაროოს საქმის მასალები და დაიწყოს გამოძიება საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ გულგრილობაზე.

4 წლის გოგონას დედა კი, რომელიც პოლიციამ ბავშვის გარდაცვალებიდან მალევე დააკავა გუშინ მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

დღის ამბები