ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობის საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თბილისის მერია მოლაპარაკებებს აგრძელებს და მუშაობს სამართლებრივ არგუმენტებზე, რათა ინვესტორს აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის უფლება არ მიეცეს.
თბილისის მერი მოადგილეებთან ერთად გუშინ კიდევ ერთხელ შეხვდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. მათი განცხადებით, მიიღეს მყარი შეპირება, რომ მერია ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას არ დაუშვებს.
„კალაძისგან მივიღეთ მყარი შეპრიებასავით, რომ იქ არაფერი არ აშენდება. ხოლო რა გზით უნდა მოხდეს ეს, წარვუდგინეთ ჩვენი არგუმენტაცია, თუმცა მერიამ თქვა, რომ მათაც აქვთ თავიანთი არგუმენტაცია,“-აცხადებს მოძრაობა ”პარტიზანული მებაღეობის” დამფუძნებელი ნატა ფერაძე.
დღეს კი მერიის წარმომადგენლები ინვესტორებს შეხვდებიან. თბილისის მერი განმარტავს, რომ საკითხის კონსენსუსის გზით მოგვარებას ეცდებიან.
„ჩვენ გვაქვს სამართლებრივი ბერკეტები, რის გამოყენებასაც ვგეგმავთ ისე, რომ არც კერძო მესაკუთრის ინტერესი იქნეს დარღვეული და არც ქალაქის, შესაბამისად დილით მოხდება ხელახალი შეხვედრა ინვესტორთან და ვფიქრობთ, რომ ისიც გაიზიარებს მოთხოვნას, იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც არ მოხდეს შემდგომი სასამართლო დავის გაგრძელება ამ საკითხის დაკავშირებით და საკითხი გადაიჭრას კონსენსუსის და მოლაპარაკების გზით,“-აცხადებს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე.