ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების და სასამართლოს გადაწყვეტილებით, თანამდებობის შენარჩუნების ფაქტს, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება. შოთა ხაბარელი ოპონენტების იმ განცხადებებს პასუხობს, სადაც ისინი დაუსჯელობის სინდრომზე საუბრობენ.
დეპუტატი ბრალდებას უარყოფს და ოპონენტებს სასამართლო გადაწყვეტილების პატივისცემისკენ მოუწოდებს.
მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში, მაშინ როდესაც ოლიმპიური თამაშები ახლოვდება, აუცილებელია მოხდეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის შერიგება.
მისი თქმით, ზურაბ დათუნაშვილის მსგავსი სპორტსმენების დაკარგვა არ შეიძლება.
„არავითარი დაუსჯელობის სინდრომი არ არის. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენი ვალია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვცეთ პატივი. ახლა მთავარია სიტუაცია დამშვიდდეს, მოხდეს შერიგება. თუნდაც დათუნაშვილთან დალაპარაკება აუცილებელია, ვეტერანი სპორტსმენები არიან, ისი ახალგაზრდა სპორტსმენები და უნდა მოხდეს შერიგება. იმიტომ, რომ ჩვენ დასაკარგი არ გვყავს და მით უმეტეს ასეთი სპორტსმენის გადინება საქართველოდან, ეს დაუშვებელია. აქედან გამომდინარე მთავარი ამოცანაა, რომ ყველაფერი დამშვიდდეს, რამეთუ ახლოს არის ოლიმპიური თამაშები და ეს უნდა იყოს მთელი საქართველოს ინტერესი,“-განაცხადა შოთა ხაბარელმა.
ხაბარელის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში გაიმართება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა, სადაც გეგა გეგეშიძის თანამდებობაზე დარჩენის საკითხზე იმსჯელებენ.
„მე როგორც ვიცი, იქნება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა და პრეზიდიუმზე მოხდება ამ საკითხის განხილვა. გეგეშიძე უნდა დარჩეს თუ არ უნდა დარჩეს, ეს არის პრეროგატივა პრეზიდიუმის. დაველოდოთ, ეს არის შორის, მოკლე მომავალში გადაწყდება ეს საკითხი,“-განაცხადა სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ.