სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია, ევროპის ჩემპიონზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას და რუსთავი2-ის ჟურნალისტის სახლზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.
მოსამართლე ნონა წოწორია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში სახელმწიფო ინსტიტუტების ეროზიაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ამის საფუძველს სხვადასხვა ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობის წახალისება იძლევა.
„მხოლოდ სახელმწიფოს აქვს უფლება, გამოიყენოს ლეგიტიმური ძალა, რაც ასევე გულისხმობს, რომ გადამეტების შემთხვევაში უნდა არსებობდეს პასუხისგების მექანიზმები.
"სახელმწიფო ინსტიტუტების სრულ ეროზიაზე მიუთითებს სიტუაცია, როცა სხვადასხვა ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობა არათუ დასჯილი, არამედ წახალისებულია. ხოლო მსაჯულის როლს, სასამართლოს ნაცვლად, რელიგიური ინსტიტუტები ასრულებენ. ამ ყველაფერს არც კანონის უზენაესობას და არც დემოკრატიასთან საერთო არა აქვს.
"სრული მხარდაჭერა ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს და რუსთავი2-ის ჟურნალისტს, დავით ერაძეს!“ - აღნიშნულია განცხადებაში.
რუსთავი2-ის ჟურნალისტის, დავით ერაძის, სახლს გუშინ ესროლეს, დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე ეგდო.
დავით ერაძის ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი სწორედ მოჭიდავეების საქმის სკანდალს ეხებოდა. სწორედ დავით ერაძემ მოიპოვა ვიდეომასალა, რომელიც ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილსა და ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს, შორის კონფლიქტს ასახავს. კადრებში ჩანდა, როგორ გაუსწორდა გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს.
სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ სამართალდამცველებმა გეგა გეგეშიძე დააპატიმრეს.