ქალთა მოძრაობის სამგლოვიარო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი 4 წლის გოგონა ოჯახში ძალადობის მსხვერპლია.
ორგანიზაცია მომხდარზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს.
აქციის მონაწილეთა განმარტებით, ქვეყანაში ბავშვზე ზრუნვის კუთხით რეფორმებია გასატარებელი, ხოლო სისტემა ძირეულად შესაცვლელია.
„გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას, რომ ხმა მივაწვდინოთ ხელისუფლებას, პარლამენტს, მთავრობას. ჩვენ არ გვაქვს სისტემა, რომელიც ბავშვებს იცავს. სახელმწიფო დღეს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იცის, რომ ბავშვი არის უკიდურესი ძალადობის მსხვერპლი, ვერ იცავს ამ ბავშვს,“ - განაცხადა ქალთა მოძრაობის დამფუძნებელმა, ბაია პატარაიამ.
4 წლის ნინო ზალინაშვილი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. მას ფიზიკური დაზიანებების კვალი აღენიშნება. როგორც მეზობლები ამბობენ, დედა და მამინაცვალი ბავშვს ხშირად სცემდნენ.
ამ დროისთვის დაკავებულია ბავშვის დედა, რომელიც ბრალს არ აღიარებს.