საქართველოს საელჩო ისრაელში, ბოლო პერიოდში ისრაელის საზღვრის კვეთისას საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
საგარეო უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საზღვრის გადაკვეთის პროცედურა გულისხმობს რამდენიმე ეტაპს, მათ შორის, გასაუბრებას მესაზღვრესთან, რაც ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა, რამდენიმე საათსაც გაგრძელდეს.
საელჩო თხოვნით მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმ მიზეზების ჩამონათვალს, რომელთა საფუძველზე მათ შესაძლოა, უარი უთხრან ქვეყნაში შემოსვლაზე.
უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ჩამოთვლილი გარემოებები/მიზეზები ისრაელში გამგზავრებამდე, მათ შორის, ისრაელში ოჯახის წევრების ყოფნა, ცრუ ინფორმაციის წარდგენა მესაზღვრესთან გასაუბრების დროს, მოქალაქის ვიზიტის მიზანი გაურკვეველია ან არსებობს მისი ისრაელში არალეგალურად დარჩენის საფუძვლიანი ეჭვი, მესაზღვრესთან თანამშრომლობაზე უარის თქმა.
ამავე დროს, საგარეო უწყება მიუთითებს, რომ საკონსულო სამსახურის კომპეტენცია მოქალაქის ქვეყნის შეშვების გადაწყვეტილებასთან კავშირში არ არის.