17 ნოემბერი 2024,   07:29
ვრცლად
"თქვენ ხართ სირცხვილი" - სამუშაო შეხვედრა პარლამენტში სამოქალაქო პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

სამუშაო შეხვედრა პარლამენტში, სადაც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობენ, სამოქალაქო პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფს უნდობლობას უცხადებენ და პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მასში შედიან იუსტიციის საბჭოს ის წევრები, რომლებიც მხარი დაუჭირეს უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ 10-კაციან სიას. სამოქალაქო სექტორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობის შეცვლას ითხოვს.

“მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ საბჭოს იმ წევრებმა, ვინც გასული წლის დეკემბერში მხარი დაუჭირეს სრულიად გაუმართლებელი ფორმით სიის ნომინირებას საქართველოს პარლამენტში, მათ უნდა დატოვონ თანამდებობა. მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. არა მარტო თანამდებობები იუსტიციის საბჭოში, მათმა ბევრმა  ნაწილმა საერთოდ უნდა დატოვოს სასამართლო სისტემა, ვინაიდან წლების განმავლობაში ისინი იყვნენ შემოქმედები უკანონობის წლების განმავლობაში,“ - განაცხადა "საიას" თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.

საპროტესტო აქციის მონაწილეების შეფასებით, სასამართლო, ფაქტობრივად, ოკუპირებულია იმ ჯგუფის მიერ , რომლებიც მხილებულები არიან დანაშაულებში და ამ ქვეყნის სირცხვილს წარმოადგენენ.

„მათი დღევანდელი შეხვედრა არის არალეგიტიმური და ის ვერ ჰპოვებს აღიარებას საზოგადოების მხრიდან. ეს არის მთავარი გზავნილი ამ პროტესტის,“ - განაცხადა სმოქალაქო აქტივისტმა, ბექა წიქარიშვილმა

დღის ამბები