17 ნოემბერი 2024,   07:50
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" მოსამართლეებს მისცა გარანტიები" - ლევან მურუსიძე

სასამართლო რეფორმის სამუშაო შეხვედრას, სადაც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობენ, იუსტიციის საბჭოს წევრები და მოსამართლეები ესწრებიან. შეხვედრა სამოქალაქო პროტესტის ფონზე მიმდინარეობს და მათი ერთ-ერთი პრეტენზია ამ შეხვედრაზე მოსამართლეების ზოგიერთი წევრის დასწრებასაც უკავშირდება. მათ შორის არის ლევან მურუსიძე, რომელსაც გირგვლიანის საქმეზე განმარტებების გაკეთება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრის დაწყებამდე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მოსთხოვეს.

თავად ლევან მურუსიძე ამბობს, რომ პროტესტი ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოთქმული პრეტენზია დემოკრატიის ნაწილია, თუმცა არალეგიტიმურია მათი მოთხოვნა სასამართლო ხელისუფლების გადადგომასთან მიმართებაში.

„შეიძლება გამოაცხადოს უნდობლობა, შეიძლება ჰქონდეს თავის პოზიცია, ასევე თითოეული მოსამართლის მიმართ, მაგრამ ის, რომ არასამთავრობო სექტორი ითხოვდეს, რომ გადადგეს სასამართლო ხელისუფლება, ეს არ ჯდება არც კონსტიტუციაში, არც კანონში. 2012 წლიდან "ქართულ ოცნებამ" განახორციელა ძალიან ბევრი ისეთი საკანონმდებლო ცვლილება და ეს დააგვირგვინა კონსტიტუციით, რომლის თანახმადაც, მოსამართლეს მისცა ძალიან დიდი გარანტიები და მე არ ვეთანხმები, რომ ეს წაღმა დატრიალებული ბორბალი უკუღმა დატრიალდეს,“ - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

იუსტიციის საბჭოს წევრებს ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს, თუ როგორი იქნება მათი შემდგომი ნაბიჯები, იმ ფონზე, როდესაც მათ ბრძოლის პირველი რაუნდი წააგეს. დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, ის, რომ მოსამართლეების სია იქნა დაწუნებული, არ ნიშნავს იუსტიციის საბჭოს დამარცხებას. 

„ჩავთვალეთ, რომ არანაირად არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, მიგვეღო მონაწილეობა პროცესში, რაც შეეხებოდა კრიტერიუმების და პროცედურის ჩამოყალიბებას. მე ვფიქრობ, რომ წაგებულზე საუბარი არ არის. ჩვენ მზად ვართ საქმიან გარემოში მუშაობის გასაგრძელებლად. დღეს არის პირველი შეხვედრა ამ ფორმატში. ჩვენ შევეცდებით, რომ ჩვენი ხედვა წარმოვადგინოთ, მოვისმინოთ ჩვენი პარტნიორების თუ ოპონენტების მოსაზრებებიც,“ - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები პრეზენტაციის ფორმატში წარმოადგენენ მათ შეხედულებებს. დებატები კი მომდევნო შეხვედრებზე გაიმართება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები