ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრებას მართავენ. მიქაუტაძეს საქალაქო ინსტანციაში უვადოდ გამწესება სურს.
გასაუბრება ცოტა ხნის წინ დაიწყო, თუმცა მანამდე განცხადებები გააკეთეს საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, რომლებიც კანდიდატს უარყოფით შეფასებას აძლევენ და მიქაუტაძეს კლანური მმართველობის ერთ-ერთ საყრდენად მოიაზრებენ.
„მას რამდენიმე წელი ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კარგად უნდა ჩამოყალიბდეს, რა უნდა. უნდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა, თუ უნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეობა, მაგრამ, ჩემი აზრით, გაუმართლებელია და მისი მხრიდან არ არის სწორი ნაბიჯი, როდესაც მდივანია, აქვს უფლებამოსილების ვადა დარჩენილი და მაინც ყველა კონკურსში, ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისთვის, რომ უვადო მოსამართლე გახდეს. მის მიმართ არსებობს ძალიან სერიოზული კითხვები კლანთან დაკავშირებით, სიასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
გიორგი მიქაუტაძის მიმართ პრეტენზიები აქვს ანა დოლიძესაც. ის ამბობს, რომ მის მიმართ არსებობს კითხვები, რომელსაც მიქაუტაძემ პასუხი უნდა გასცეს.
„გიორგი მიქაუტაძესთან მიმართებაში არსებობს რამდენიმე კითხვის ნიშანი. პირველ რიგში, ეს ეხება აჭარაში მომხდარ ინციდენტს, რომელთან დაკავშირებითაც როგორც ვიცი, მიმდინარეობს გამოძიება,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
თავად გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ აჭარაში მას თავს დაესხნენ და არსებობს ამის დამადასტურებელი კადრები. ის ანა დოლიძის განცხადებას სიცრუეს უწოდებს.
„ეს არის ვიდეოზე აღბეჭდილი ფაქტები, სადაც აშკარად ჩანს, რომ თავს დამესხნენ კონკრეტული განხილული საქმის გამო. სხვა მე შეხება ამ ადამიანებთან არ მქონია. ასე, რომ ყველანაირ ლოგიკას არის მოკლებული ის ბრალდებები, რომ, თითქოს, ჩემი მხრიდან ჰქონდა ძალადობას ადგილი. ეს არის სიცრუე,“ - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.