17 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
ასეთი რამ არ არსებობს ბუნებაში, არ მომხდარა, რომ თანამდებობით მესარგებლა - წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე 

ვაკის გამგებლის მოადგილისა და წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარისთვის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. სასამართლომ თეიმურაზ ჩოჩუა და გრიგოლ ივანეიშვილი პატიმრობაში დატოვა. 

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარემ სასამართლო პროცესზე განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ მას კანონი არ დაურღვევია და საკუთარი თანამდებობრივი მდგომარეობით არასდროს უსარგებლია. 

„ერთი წამით, ერთი პროცენტი არ გამომიყენებია, რომ მესარგებლა თანამდებობით... ასეთი რამ არ არსებობს ბუნებაში, არ მომხდარა და არც მოხდებოდა, რომ თანამდებობით მესარგებლა. რაც ბატონმა ადვოკატმა ბრძანა, მთელი მუნიციპალიტეტი მოწადინებული იყო, რომ ეს ქონება გაყიდულიყო, რადგან ის ფული ადგილობრივ ბიუჯეტში შემოვიდოდა. როგორც კი ამის მსურველი გამოჩნდა, მე ავდექი და დავრეკე და ვუთხარი, რომ მგონი, ყიდულობენ ამას," - განაცხადა სასამართლო პროცესზე გრიგოლ ივანეიშვილმა.  

გამოძიება ივანეიშვილს ინვესტორისგან 250 ათასი ლარის ქრთამის აღებას, ჩაჩუას კი საქმეში შუამავლობას ედავება. 

მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა, დაკავებულების გამოძიების დასრულებამდე გირაოს სახით გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა. 

ბრალდების მხარის განცხადებით, გრიგოლ ივანეიშვილი სესხის ხელშეკრულებით ქრთამის აღების შენიღბვას ცდილობდა.

„ეს გარემოება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბრალდებული გრიგოლ ივანეიშვილი ცდილობდა, რომ შეენიღბა ქრთამის აღება, თითქოს, და ეს იყო სესხის ხელშეკრულება. რეალურად, არანაირი სესხის აღებას ადგილი არ ჰქონდა და ეს იყო ფიქტიური, მოჩვენებითი გარიგება, თითქოს და ღებულობდა სესხს. აუდი ჩანაწერებიდანვე ჩანს, რომ ეს იყო ქრთამით აღებული თანხა და ეს ხელშეკრულება იყო მოჩვენებითი,“ - განაცხადა პროკურორმა, ელიზბარ გოზალიშვილმა.

უფლებადამცველი, ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ დაკავებულებს კანონი არ დაურღვევიათ, რაშიც საზოგადოება მალე დარწმუნდება. ადვოკატები დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები