საატესტატო გამოცდების გაუქმება და ზოგადი უნარების არჩევით საგნებში გადატანა - განათლების სფეროში დაგეგმილი ცვლილებები უკვე მეორე დღეა აქტიური განხილვის თემაა. ცვლილებებს კითხვები მოჰყვა როგორც მშობლებსა და პედაგოგებს შორის, ასევე პოლიტიკურ წრეებში.
ოპოზიცია ცვლილებებს ნაჩქარევად მიიჩნევს და დამატებითი ახსნა-განმარტებისთვის უშუალოდ განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.
„მოისმინოს და გაითვალისწინოს ჩვენი შემუშავებული ცვლილებების პაკეტი,რომელიც სავალდებულოა გატარდეს სასკოლო განათლებაში. ასევე გვაინტერესებს მისი მოლოდინები საგამოცდო სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით, ყოველგვარი ალტერნატიული შეფასების გარეშე.
რა პასუხისმგებლობას იღებს მინისტრი მოსალოდნელ საფრთხეებსა და რისკებზე, რომელიც შეიძლება ამ პროცესს მოჰყვეს. და მესამე მნიშვნელოვანია მასწავლებლების ბედი,რომლებიც კრედიტქულების გაუქმების შემდეგ სრულ გაუგებრობაში არიან და არ იციან რა ბედი ეწევათ,“-ამბობს ”ახალი საქართველოს” განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე.
ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” თავმჯდომარის მოადგილე ლელა ქებურიას განცხადებით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მოსწავლეთა და აბიტურიენტთა მიერ ნაჩვენები რეზულტატი უარესდება.
ქებურიას თქმით, ახლა კი სამინისტრო აუქმებს ისეთ ბერკეტს, რომელიც ზომავს ზოგადი განათლების ხარისხს. მისი თქმით, საატესტატო გამოცდები მოდერნიზებას საჭიროებდა, თუმცა არა გაუქმებას.
„საატესტატო გამოცდები საჭიროებდა მოდერნიზებას და ისეთი მოდელის შექმნას,რომელიც მოგვცემდა ერთის მხრივ მოსწავლეს, რომელმაც სკოლაში მიიღო განათლება და მეორეს მხრივ მომავალზე ორიენტირებულ სტუდენტს,რომელიც იზომება სწორედ უნარების გამოცდებით“-განაცხადა ქებურიამ.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ცვლილებები მხოლოდ მოსწავლის ინტერესებზე იქნება მორგებული. ირინა აბულაძის თქმით, ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ საბოლოო არ არის და გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით უწყებაში მსჯელობა მიმდინარეობს.
გარდა ამისა, განათლების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მზად არიან მოისმინონ ნებისმიერი არგუმენტები,რომელიც არ იქნება მხოლოდ ემოციურ განცხადებებზე დაფუძნებული.
„წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმართულებით ცვლილებები არ მოხდება. ჩვეულებრივად ჩატარდება ისე, როგორც დაგეგმილი იყო, ეს ყველაფერი მიმართულია, რომ საგამოცდო სისტემა დაიხვეწოს და დაუახლოვდეს მოსწავლის ინტერესებს.
ზოგადი უნარების გამოცდა იხსნება, ინიციატივა ასეთი არის წამოყენებული და განხილვები გაგრძელდება. ყველას შევხვდებით, ვისაც აქვს არგუმენტირებული,დასაბუთებული და არა ემოციურად წარმოდგენილი არგუმენტები განვითარებასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ სამინისტროს პოზიცია იქნება ასეთი, ასე რომ თანამშრომლობისთვის და განხილვისთვის ვართ მზად,“-ამბობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე.