„ვიცით, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს სიბრძნე იმისთვის, რომ ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს,“- ეს განცხადება საფრანგეთის მიტროპოლიტმა და მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მეუფე ემანუელმა ილია მეორესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს პატრიარქთან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსთან დაკავშირებით იმსჯელეს.
მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლის განცხადებით, ილია მეორესა და მღვდელმთავრებთან შეხვედრა იყო ინფორმაციული ხასიათის. მეუფე ემანუელის განმარტებით, შეხვედრის მიზანი საქართველოს საპატრიარქოსთვის რაიმე აზრის თავს მოხვევა, ან ზეწოლა არ ყოფილა.
„ეს იყო ძმური, ეკლესიური და საერთო შეთანხმებული შეხვედრა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებს, საქართველოს ეკლესიის მეთაურსა და მღვდელმთავრებს შორის,“- განაცხადა მეუფე ემანუელმა.
მსოფლიოს საპატრიარქოს დელეგაციის წევრები ილია მეორეს შეხვდნენ. სავარაუდოდ, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, დაუჭერს თუ არა მხარს საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.