ნინოშვილის ქუჩის მცხოვრებლების საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან - ადგილობრივები უკვე მესამე თვეა სპორტული კომპლექსის ნაცვლად საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის გეგმას აპროტესტებენ.
ისინი მერიისგან სპორტული კომპლექსის აღდგენას და ერთადერთი სარეკრეაციო ზონის გადარჩენას მოითხოვენ. მერიის წარმომადგენლები ნინოშვილის ქუჩის მცხოვრებლებს დღეს არ შეხვედრიან, აქციის მონაწილეებს მუნიციპალიტეტიდან, არც წერილობით პასუხობენ.
„ჩვენ ორჯერ გავმართეთ აქცია, სამწუხაროდ, მერია არ გამოგვეხმაურა არც ერთ ამ აქციაზე. განცხადება გვაქვს დაწერილი 23 ნოემბერს და არ გვაქვს დღემდე პასუხი იმაზე, რას გეგმავს მერია ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით და მოვითხოვთ, რომ აქ მხოლოდ და მხოლოდ პარკის და სპორტული ფუნქციები განვითარდეს,“ - აცხადებს ნინოშვილის ქუჩის მცხოვრები.
აქციის მონაწილეებს თბილისის ვიცე-მერმა უპასუხა. ირაკლი ხმალაძე აქციის გამართვის მიზეზს ვერ ხედავს.
„სიმართლე გითხრათ, აქციის მიზეზს საერთოდ ვერ ვხედავ, რომ აქციის ფორმატით მომართონ მერიას. გეტყვით რატომ. ზოგადად, როგორც აქციით მომართავენ ხოლმე, ან იმ მომენტში მშენებლობაზე გადაწყვეტილებას უნდა ვიღებდეთ, არაფერი აქტიური განცხადება ჩვენ ახლა არ გვაქვს, ნინოშვილზე მშენებლობის ნებართვას გავცემდეთ. ან მეორე არის მიზეზი, ითხოვენ შეხვედრას. შეხვედრაზე არასდროს უარს არ ვამბობ, მათ შორის პირადად მე და ყოველთვის გაცნობებთ რომ ამობრძანდით, დავილაპარაკოთ, ამოდის ეს ხალხი და მელაპარაკება. თუ აქვთ სურვილი, არაფერი პრობლემა არ არის, განვიხილოთ საკითხი. აქციის მიზეზს მე საერთოდ ვერ ვხედავ,“ - განაცადა ირაკლი მხალაძემ.