ორსაათიანი მოლაპარაკება საპატრიარქოში დასრულდა. მსოფლიოს საპატრიარქოს დელეგაციის წევრები ილია მეორეს და სასულიერო პირებს შეხვდნენ. დაუჭერს თუ არა მხარს საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, ჯერ ისევ უცნობია. დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრა კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.
პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა, თუმცა ასევე განმარტა, რომ მას საპატრიარქოს გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა არ ექნება.
„წლის ბოლოს გვქონდა სინოდის სხდომა. იქ დადგინდა, რომ ეს განხილვა გადაიდება შემდგომი სინოდისთვის იმიტომ, რომ არის ბევრი დეტალი, მრავალი შეკითხვა სინოდში. ასე, რომ ეს საჭიროებს განხილვას და მუშაობას. ისტორიაში ყოველთვის ასე იყო, ვიღაცა მხარს უჭერს, ვიღაცა თავს იკავებს, ვიღაცა წინააღმდეგია, ამიტომ დრო სჭირდება. რაც მთავარია, მან ბრძანა პატრიარქთანაც და თქვენთანაც დააფიქსირა, რომ მსოფლიო საპატრიარქო მისი უწმინდესობის სიბრძნეს ენდობა იმის თაობაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ჩვენმა ეკლესიამ შემდგომში,“- განაცხადა მეუფე შიომ.
კითხვაზე, აქვს თუ არა რუსულ ეკლესიას ქართულ ეკლესიაზე გავლენა, მეუფე შიომ აღნიშნა, რომ რუსულ ეკლესიას ჩვენი ქვეყნის ეკლესიაზე გავლენა არ აქვს.
„ჩვენთან არის ასეთი განწყობები, რომ ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია ასოცირდებოდეს ვიღაცის მიერ, რომ ეს არის რუსული გავლენა. სინამდვილეში დღეს თქვენ იხილეთ, მოისმინეთ მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია, რომ ისინიც ეთანხმებიან ამ ჩვენს პოზიციას. როგორც ჩანს, ყველა ეკლესია თავს იკავებს პოზიციის დაფიქსირებისგან,"- განაცხადა მეუფე შიომ.