„საერთოდ ვერასოდეს ვერ გამორიცხავ კორუფციის არსებობას. ვერც სახელმწიფო და ვერც ხშირ შემთხვევაში კერძო სტრუქტურებშიც,“- ასე ეხმაურება ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი NDI-ის კვლევის შედეგებს, სადაც მოქალაქეების დიდი ნაწილი სამთავრობო უწყებებში, მათ შორის სასამართლოში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმზე მიუთითებს.
მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მაღალ ხარისხშია აყვანილი.
„ჩვენი ამოცანა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ძალიან წარმატებულად აქვს საქართველოს გაკეთებული არის ის, რომ არამარტო კორუფციასთან ბრძოლა, არამედ კორუფციის პრევენცია არის ძალიან მაღალ ხარისხში აყვანილი,“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლებას შეშფოთების საფუძველი არ აქვს.
NDI -ის კვლევებს არ ენდობა ლევან დავითაშვილი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ამ ორგანიზაციის კვლევები და პროგნოზები რეალობას სცდება.
აღმასრულებელი ხელისუფლების წევრების მსგავსად, NDI -ის დათვლის მეთოდიკასთან მიმართებაში კითხვები აქვს საპარლამენტო უმრავლესობასაც. დავით მათიკაშვილის თქმით საეჭვოა თუ რამდენად ადეკვატურია პროცენტებში გამოყვანილი კორუფციის მაჩვენებელი იმასთან თუ რაც ხდება ქვეყანაში რეალურად.
„პერიოდულად ჩვენ ვხედავთ როგორ ხდება კონკრეტული ჩინოვნიკის დაპატიმრება თუ კი მან გადააცილა თავის უფლება მოვალეობას, ან რაღაც დანაშაული ჩაიდინა. სახელმწიფო არის ამ კუთხით თავის ადგილზე და ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში. ის თუ რა არის რეალობა საზოგადოება ხედავს და მეორეა იმ პროცენტულობის გამოყვანა რამდენად სწორია და ადეკვატურია იმისა თუ რა ხდება ქვეყანაში,“-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.