პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის დაკავებული 3 ახალგაზრდა სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა გირაოს გამოყენებაზე არ დააკმაყოფილა.
მხარეებს შორის ინციდენტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის სტადიონზე მოხდა.
ბრალდების მხარის მტკიცებით, ძმები დავით და რობიზონ ყოჩიაშვილები და ირაკლი გლახოშვილი ბილწისიტყვაობდნენ და აგრესიას გამოხატავდნენ, რა დროსაც ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა დაშლისა და დამშვიდებისკენ მოუწოდეს, რასაც მათი მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმა მოჰყვა.
საწინააღმდეგოს აცხადებენ დაკავებულების ახლობლები. მათი თქმით, ადგილი ჰქონდა პოლიციელების მხრიდან ახალგაზრდებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს. მათივე მტკიცებით, იმის გამო, რომ გლახოშვილი და მისი ძმა წარსულში ყაჩაღობაზე არიან ნასამართლევი, სამართალდამცველები მათზე გამუდმებულ დევნას ახორციელებენ.
დანაშაული 4 დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. უფლებადამცველები გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.
„სამივეს მიმართ იყო ძალადობის ფაქტები განხორციელებული. მე ვიზუალურადაც დავაკვირდი და მითუფრო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ვიზუალურად ეტყობა როგორც შუბლზე, ლოყაზე, როგორც მახსოვს და ყურზე აქვს განსაკუთრებულად მძიმედ მიღებული დაზიანება, რაც , როგორც ვიცი აღბეჭდილია მისი დროებით იზოლატორში შესვლისას გასინჯვის პერიოდში“ - აცხადებს ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი.