კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა რეზოლუცია მიიღო სადაც, ე.წ. "მაგნიტსკის აქტის" გაფართოებაზეა საუბარი. კომიტეტის რეზოლუციაში, რომელიც საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში რუსეთის აგრესიას ეხება, აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაცია და ყირიმის უკანონო ანექსია შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში.
„კომიტეტის ანგარიში საქართველოსადმი კანადის პარლამენტის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატულებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერის, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და შავ ზღვაზე კანადის გააქტიურებაზე მოწოდებასთან ერთად, რეზოლუციაში საუბარია მაგნიტსკის აქტის იმ პირებზე გავრცელებაზე, რომლებსაც საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებაში ედებათ ბრალი,“-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.