დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმე - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია სამართალდამცავებისგან პასუხს ითხოვს. დეპუტატის განცხადებით, სოციალურ ქსელში ვიდეომასალა ამ დრომდე ვრცელდება, სწორედ ამიტომ აუცილებელია საგამოძიებო უწყებებმა დამნაშავეთა დროული გამოვლინება შეძლონ.
ნუკრი ქანთარიას თქმით, როგორც საპარლამენტო უმრავლესობას ასევე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ვინ დგას ამ პროცესის უკან.
„გთხოვთ ყველამ შეწყვიტოს საუბარი იმასთან დაკავშირებით რომ აი თუ არის ეს კადრები მაშინ უნდა გამოიძიონ. თუ არის და როგორც ჩანს კი არა, არის. და რახან არის სასწრაფოდ უნდა წავიდეს სწორედ სხვა ტემპში და მაქსიმალურად აქტიურად. უახლოეს ხანში მე ველოდები პასუხებს. იმიტომ, რომ მსგავსი სიბინძურეები, მსგავსი რაღაც საშინელებები ჩვენ გვეგონა რომ ჩავაბარეთ წარსულს და ახალ შიგადაშიგ იწყებს ამოტივტივებას. ახლა ჩვენ ხელის გაშვერა ისეთ ფაქიზ ორგანოზე როგორიც არის სასამართლო ინსტიტუცია ან რომელიმე ინსტიტუცია ჩემი მხრიდან იქნება აბსოლუტური დაუდევრობა,“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
გამოძიების შედეგებს ელოდება მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი სოფო ქაცარავა. მისი შეფასებით ეს არის ამორალური ფაქტი და მსგავსი შემთხვევები ქვეყანაში აღარ უნდა ხდებოდეს.
„არ ვიცი ვინ დგას ამის უკან. მაგრამ ის რაც ზოგადად ფარულ ჩანაწერებს ეხება, ეს არის მიუღებელი და ეს არის ამორალური. ეს აუცილებლად უნდა დამთავრდეს ქვეყანაში როდესაც ფარული ჩანაწერები ვრცელდება. ეს არის ჩემთვის ყოვლად მიუღებელი როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქისთვის და აბსოლუტურად ყველას მიმართ ვიქნები სოლიდარული როდესაც ფარული კადრების გავრცელებას ეხება საქმე,“-განაცხადა სოფო ქაცარავამ.
თავად ეკა ბესელია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დღეს განცხადებას გააკეთებს. მანამდე კი ლონდონში მივლინებით ყოფნის დროს მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა რომ ის მორალური ტერორის მსხვერპლი გახდა და პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს დააკისრა.
შეგახსნებთ, რომ დილიდან ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში კვლავ ვრცელდება.