ბინის მფლობელს, სადაც დღეს ტრაგედია დატრიალდა, დაკითხვის დროს გულის შეტევა დაემართა. ალექსანდრე მურადოვს სასწრაფო გადაუდებელი დახმარება პოლიციის განყოფილებაშივე აღმოაჩინეს.
გამოძიებას აინტერესებდა, ვინ აღადგინა გაზმომარაგება ბინაში, სადაც „ყაზტრანსგაზმა“ ბუნებრივი აირის უსაფრთხოების წესების გამო 2018 წლის 9 მარტს გადაკეტა.
ექიმის თქმით, ნერვიულობის ნიადაგზე პაციენტს წნევა ჰქონდა მომატებული. მისივე თქმით, ბინის მეპატრონემ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა.
„მე გამოძახებული ვიყავი მურადოვნთან ისლამი. მე არ ვიცი, მაგრამ ვიღაც ჰყავთ დაკითხვაზე, ეს არის თუ სხვა, არ ვიცი... ინერვიულა სავარაუდოდ, იმის გამო, რომ მისი მეპატრონე რომ ვარო, ჩემს ბინაში რომ მოხდა ეს ამბავი, სავარაუდოდ, ასეა. ნერვიულობის ნიადაგზე ცოტა გული ჰქონდა აჩქარებული და წნევა ჰქონდა მომატებული. მე ვუთხარი, თუ გინდათ წამოდით საავადმყოფოში წაგიყვანთ, თვითონ განაცხადა უარი, იმიტომ, რომ მე შეიძლება დავჭირდე გამოძიებასო და ამიტომ დარჩა,“ - ამბობს სასწრაფო დახმარების ექიმი.
"კურიერმა" ქეთევან წამებულის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები გაარკვია.
ბინა, სადაც დღეს ტრაგედია დატრიალდა წლების განმავლობაში გაქირავებული იყო. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 49 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი ქეთევან წამებულის გამზირზე ალექსანდრე მურადოვს 2011 წლიდან ეკუთვნოდა და აქირავებდა. 2018 წლის 9 მარტს ამ ბინაში დამონტაჟებულ გამათბობელს ბუნებრივი აირი გადაუკეტეს. ოქმი, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა სულ სხვა გვარზეა გამოწერილი და არა გარდაცვლილებზე.
წყარო "კურიერს" უყვება, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება ალექსანდრე მურადოვმა თვითნებურად აღადგინა, რის შემდეგაც ბინა სხვა პირებს მიაქირავა.
ქეთევან წამებულის 67 ნომერში 7 ადამიანი დღეს გარდაიცვალა. შვიდივე დაღუპული „ლიბერთი ბანკის“ მშენებლობაზე მუშად მუშაობდა.
მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები. გარდაცვლილებს შორის არიან მამა-შვილი.