თქვენ ეტყობა ეკა ბესელიას არ იცნობთ - ასე პასუხობს იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მის წინააღმდეგ დაწყებულ ახალ კამპანიას. ეკა ბესელიამ ლონდონიდან დაბრუნების შემდეგ პირველ განმარტებებს აკეთებს. ბესელია ამბობს, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.
დეპუტატი ამბობს, რომ მას კადრების ნახვამ ღიმილი მოჰგვარა.
„გავიღიმე ამ ყველაფერზე და მინდა ვუთხრა იმათ ვინც დგას ამ ყველაფერის უკან. თქვენ ეტყობა მე არ მიცნობთ კარგად იმიტომ, რომ ასეთ მდაბიო , ასეთ საცოდავ მეთოდებს მიმართავენ ადამიანები რომლებიც არიან უკვე უფრო დაბლა ვიდრე ჭაობი. ველოდი მართალი გითხრათ , ვერ ვიტყვი რომ ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო და ვიღაც არ იკადრებდა ამას. ამისთვის მზად ვიყავი. ეს არ არის ახალი ჩანაწერი. ეს უკანონო ჩანაწერი რომელიც ასახავს ოჯახური საიდუმლოების და სივრცის უკანონო ჩანაწერს და შინაარსი აქ არაფერი არ არის ასახსნელი, უბრალოდ ფორმაა ამაზრზენი , ეს ჩანაწერი დევს იმ სისხლის სამართლის საქმეში, მე ვთქვი ეს როგორც ფაქტი,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელია გადაცემა "არჩევანში" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც არ გამორიცხა რომ შესაძლოა კადრები თავად ეკა ბესელიამ გაავრცელა. იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს მოსამართლის მხრიდან არის მდაბიო საქციელი.
ერთ -ერთი მოსამართლე რომელიც არის იუსტიციის ... არც მინდა გვარის ხსენება. ის ჩემთვის კრებსითად განასახიერებს იმ ადამიანებს , რომლებიც იმაზე უფრო უარესები არიან ვიდრე აი ამის ჩამდენები და რატომ? ამ ადამიანმა გაახმოვანა გზავნილი რომ თითქოს ეს ჩვენს ინტერესებშია. ახლა წარმოიდგინეთ იმაზე უფრო მეტი სიმდაბლე ვიდრე ამ მეთოდებით ბრძოლაა ხომ არ არსებობს. ამაზე უარესი რამე თუ შეიძლებოდა წარმომედგინა არის ეს ფსიქოლოგია, რომ ესეთი რამ შეიძლება გაგიჩნდეს თავში ეს აზრი რომ დააბრალო იმ ადამიანებს ვისაც ამას უვრცელებენ რომ ეს შეიძლება იყოს მათი გაკეთებული. გესმით სად ვართ და ამის გახმოვანებული არის მოსამართლე რომელსაც უნდოდა უვადოდ აგვერჩია უზენაეს სასამართლოში. ის ახმოვანებს ამ სათქმელს,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელია ლონდონიდან, სადაც ის მივლინებით იმყოფებოდა დღეს დაბრუნდა. კადრების გავრცელების შესახებ მან პირველად სწორედ დიდ ბრიტანეთში ყოფნის დროს გაიგო. ის პირველად საჯაროდ ამ კადრებს სწორედ ლონდონიდან გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის გახდა მორალური ტერორის მსხვერპლი. ბესელიამ პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს დააკისრა და საგამოძიებო უწყებებს დროული გამოძიებისკენ მოუწოდა.
დღეს დილიდან კი სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები კვლავ გავრცელდა.