17 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
"ზოგი იწვა, ზოგი იჯდა, ერთი აბაზანაში იყო" - მეზობლები ტრაგედიის ადგილიდან ამბობენ, რომ შვიდივე მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ

ქეთევან წამებულის ქუჩაზე შვიდი დაღუპული თბილისში მშენებლობაზე სამუშაოდ რაიონებიდან ჩამოვიდნენ. შვიდივე მათგანი "ლიბერთი ბანკის" მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ერთოთახიანი ბინა ერთი თვის წინ იქირავეს. 

გარდაცვლილებიდან 2 მამა-შვილია, ორიც ძმა,  ერთი კი 19 წლის ახალგაზრდაა, რომელიც თბილისში სამუშაოდ ცოტა ხნის წინ ზესტაფონის სოფელ არგვეთადან ჩამოვიდა. ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ მამაკაცებს დამსაქმებელმა სახლში მას შემდეგ მიაკითხა, რაც ისინი სამსახურში არ მივიდნენ. 

ადგილზე მისულს შვიდივე უგონო მდგომარეობაში დახვდა, თუმცა მათი დახმარება ვეღარ შეძლო, რადგან ყველა უკვე გარდაცვლილი იყო. 

„უფროსი ტელეფონით ურეკავდა,რომ არ მივიდნენ მოაკითხა. ავიდა და კარები ღია ყოფილა, გაგუდულები შიგნით იყვნენ. დაინახა რომ წამოწოლილი იყო ყველა გაუღია ფანჯრები.

ზოგი იწვა, ზოგი იჯდა, ერთი ბანაობდა და იქიდან მოხდა ეს ამბავი. გორიდან ჩამოსული ვაჟკაცები იყვნენ, მამა-შვილი, ორი ძმა და ის სამიც, ალბათ, ნაცნობები ჩამოიყვანა ორი კაპიკის საშოვნელად“-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

წინასწარი ინფორმაციით, CO-ს გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი შვიდივე ადამიანის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. 

გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 240-ე მუხლის პრიმა მუხლით, რაც ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები