სინგაპურის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა. ამ ინფორმაციას სინგაპურული გაზეთი "სტრეითს თაიმსი" ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სინგაპურის უზენაეს სასამართლოს სარჩელით ივანიშვილის ოჯახმა შვეიცარიული ბანკის- "კრედიტ სუიზის" წინააღმდეგ, დანაკარგებთან დაკავშირებით მიმართა და საქმის განხილვა ჟენევის ნაცვლად სინგაპურში მოითხოვა. თუმცა მოსამართლემ დაადგინა, რომ დანაშაულის ადგილი ჟენევაა და დავაც ჟენევის სასამართლომ უნდა განიხილოს. საუბარია მილიარდობით დოლარზე, რომელსაც კრედიტ სუიზში ბიძინა ივანიშვილის პირადი ბანკირი პატრის ლესკოდრონი მართავდა. თანხის გაფლანგვაში ივანიშვილი სწორედ მას ადანაშაულებდა.
პატრის ლესკოდრონს ჟენევის სასამართლომ შარშან თებერვალში თაღლითობისთვის 5 წელი მიუსაჯა, თუმცა 10 თვის შემდეგ ის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობიდან გათავისუფლდა.