დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი საპატრიარქოსთან კარავს შლის. ისინი მოითხოვენ, რომ შესრულდეს მამა გიორგი მამალაძის მოთხოვნა და აზიარონ. დეკანოზის ოჯახის წევრები იმ ფაქტსაც აპროტესტებენ, რომ ამ დრომდე წმინდა სინოდს ე.წ. ციანიდის საქმეზე საკუთარი პოზიცია არ დაუფუქსირებია.
მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან დარჩებიან მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
ისინი ამბობენ, რომ მათ პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მათ დაჰპირდა, რომ დეკანოზს შობამდე აზიარებდნენ, თუმცა, გადაწყვეტილება მოულოდნელად შეცვალეს.
დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ კანონის სრული დაცვით შლიან კარავს საპატრიარქოსთან.
"ჩვენ ვაპირებთ კარვის გაშლას საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე. 24 საათის განმავლობაში ოჯახის წევრები დავრჩებით კარავში, მიუხედავად აქაური კლიმატური მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა თქვა, რომ ჩემი ძმა უარეს მდგომარეობაში არის. ოჯახის წევრებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, ხაზს ვუსვამ, კანონის სრული დაცვით ვდგამთ კარავს," - აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.
ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ მიზამიმართულად არ აზიარებენ დეკანოზს.
"ეს არის მიზანმიმართული, ადამიანს მარტო ფიზიკურად ვერ მოკლავ, ადამიანი შეიძლება სულიერად ისე დასცე, რომ სანატრებელი იყოს მისთვის ფიზიკური სიკვდილი. ამიტომ მე მოვუწოდებ მაღალ სასულიერო პირებს, რომლებიც ქადაგებენ და იმუქრებიან, ჯერ მუქარას თავი დაანებონ, თავიანთი ღმერთის წინაშე ვალი მოიხადონ, თავის სულიერ ძმას, შვილს მიხედონ, ინახულონ, აზიარონ. თუ ის ხომ არ ჩნდება კითხვის ნიშანი, რომ აღსარების ბევრს ეშინია, მამა გიორგი სიმართლეს არასდროს არ დამალავს და იმასაც ყოველთვის დაამტკიცებს ვისთანაც არ უნდა იყოს, როგორი უდანაშაულო და როგორი განწირული ადამიანია. ჩვენი მიზანი რაც არის, რომ სტრასბურგიდან ჩვენ იმ შედეგს მივიღებთ, რაც სირცხვილი იქნება ჩვენი მართლმსაჯულებისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის," - განაცხადა ადვოკატმა.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც. დეკანოზის ოჯახის წევრები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
საპატრიარქოდან ამ დრომდე დეკანოზის ოჯახის წევრებს არავინ დაკავშირებია.