ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლის ბედს შვიდკაციანი საპარლამენტო კომისია გადაწყვეტს. მათმა ნაწილმა დღეს სასახლე პირველად დაათვალიერა. შეისწავლეს დარბაზები, ეზო და საკონფერენციო ოთახები და დაასკვნეს, რომ აქ პრეზიდენტის ნაცვლად მაღალი რანგის სტუმრების მიღებათა სასახლე განთავსდება.
საპარლამენტო კომისიის პირველი სხდომა, რომელმაც სასახლის მომავალი სტატუსიო უნდა გადაწყვიტოს ხვალ საღამოს პირველად გაიმართება. ენძელა მაჭავარიანის, მარიამ ჯაშისა და ბექა ოდიშარიას გარდა კომისიაში არჩილ თალაკვაძე, ნინო წილოსანი და მამუკა მდინარაძეც ჩაერთვებიან. პირველი შეხვედრა ხვალ შენობის არქიტექტორთან გიგა ბათიაშვილთან გაიმართება. "კურიერის" ინფორმაციით, მოხდება სავარაუდოდ შენობის შიდა ნაწილის გეგმარების შეცვლა და სწორედ ეს საკითხი უნდა შეთანხმდეს არქიტექტორთან.
ამ დრომდე უცნობია, რა ფუნქცია ექნება, პრეზიდენტის სასახლის ეზოში მდებარე ადმინისტრაციის სამ სართულიან შენობას, ერთ ერთ ვერსიით აქ სახალხო დამცველის ოფისი განთავსდება, მსჯელობა "ოცნების" გუნდში ამ თემაზეც მიმდინარეობს. სახალხო დამცველს დღემდე მთავრობამ შენობა ვერ მოუძებნა და ომბუდსმენის ოფისი ქირაში წელიწადში მილიონი ლარს იხდის.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლის მშენებლობა 2004 წელს დაიწყო და 2009 წელს დასრულდა. შენობის პროექტზე გიორგი ბათიაშვილმა იმუშავა, თუმცა საბოლოო სახე სასახლეს იტალიელმა არქიტექტორმა მიკელე დე ლუკიმ შესძინა. ოთხ სართულიანი სასახლე დამხმარე შენობებით, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით და ეზოთი 22 ათას კვადრატულ ფართობს იკავებს.