ზაზა ბერიკაშვილი, რომელიც დეპუტატის მანქანის დაზიანებისთვის იყო დაკავებული, მოსამართლემ 5000 ლარიან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბრალდებული მოსამართლის ასეთ გადაწყვეტილებას ელოდა, რადგან როგორც თავად ამბობს, ძალადობა და თავდასხმა კანონმდებლებზე, წინასწარ განზრახული არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ პროცესზე პროკურატურაც კი წინააღმდეგი იყო, რომ გამოძიების დასრულებამდე დაკავებული თავისუფლებაში ყოფილიყო, მოსამართლემ ვერ დაინახა რისკები, რომ ბერიკაშვილი მოწმეებზე ზემოქმედებას მოახდენდა, ან რაიმე მტკიცებულებებს გააყალბებდა. სწორედ ამიტომ შეეცვალა მას პატიმრობა 5000 ლარიანი გირაოთი.
ზაზა ბერიკაშვილის დანაშაული 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს გამართული აქციის დროს გამოიკვეთა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ თუ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი არ არსებობს, მაშინ აუცილებელია, რომ ბერიკაშვილის გათავისუფლების შემდეგ, სასამართლომ გამოძიების დასრულებამდე დავით კირკიტაძეც გაათავისუფლოს.
დავით კირკიტაძეს ბრალად პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა და მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა ედება.