მაჩალიკაშვილების ოჯახის სარჩელზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ადვოკატები გაასაჩივრებენ. საქმე ეხება თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სარჩელს, რომლის მიხედვითაც ისინი სუს-ს მათი შვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ედავებოდნენ.
საქალაქო სასამართლომ მაჩალიკაშვილების ოჯახის იურისტთა პოზიცია არ გაიზიარა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მაჩალიკაშვილების სარჩელში წერია, რომ 2017 წლის 26-ს დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც მალაჩიკაშვილსთვის ბრალი ოფიციალურად წარდგენილი არ ყოფილა, სუს-ი მის დანაშაულებრივ კავშირებზე მტკიცებით ფორმაში მიუთითებდა. საქართველოს კანონმდებლობით კი პირი უდანაშაულოდ მიიჩნევა იქამდე, ვიდრე მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგება.
„როდესაც ჩაგვბარდება დასაბუთებული გადაწყვეტილება, კანონით დადგენილ ვადაში გავასაჩივრებთ ზემდგომ ინსტანციაში და ვთხოვთ სააპელაციო სასამართლოს შეაფასოს კონკრეტულ შემთხვევაში, რამდენად სწორად განმარტა კონკრეტულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლომ შესაბამისი ნორმები და რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება თავად გადაწყვეტილებას, ჩვენ თავდაპირველ ეტაპზეც აღვნიშნავდით და დღესაც მივიჩნევთ, რომ სასამართლო არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ თარიღებში გაკეთებული განცხადებით და განცხადების კონტექსტი და შესაბამისი შედეგებიც მნიშვნელოვანია, რომ შეფასდეს მასთან ერთად. მხოლოდ ფრაგმენტულად შეფასდა არსებული განცხადებები და არ მომხდარა მთლიანი სიტუაციის და მთლიანი კონტექსტის შეფასება, რაც ჩვენი აზრით, ადასტურებს იმას, რომ დაირღვა თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფცია,“ - განაცხადა ადვოკატმა, დავით ბერძულმა.