17 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
„გვერდზე უთესია ხორბალი და თაგვის წამალი შეჰქონდა" - თვითმხილველები სასულიერო პირის გატაცების შესახებ საუბრობენ

ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება ნიქოზიდან გატაცებული სასულიერო პირი. ე.წ. მესაზღვრეებმა მამა დავით დურგლიშვილი საოკუპაციო ხაზთან ახლოს იმ დროს დააკავეს, როდესაც ის საქართველოს მიერ კონტროლირებად მხარეს სასოფლო სამუშაოებს ასრულებდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.  

მასთან ერთად კიდევ რამდენიმე პირი იმყოფებოდა, რომლებმაც გაქცევა მოასწრეს.

თვითმხილველები ამბობენ, რომ, როდესაც მამა დავითი რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს, ის ე.წ. სასაზღვრო ზოლთან ახლოს იმყოფებოდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სასულიერო პირი ოკუპირებული სოფელ ავნევიდან არის და მას საკუთარი მიწასთან ახლოს მისვლა სურდა. მამა დავითი ოკუპანტებმა სწორედ ამ დროს დააკავეს. 

სასულიერო პირი, არსებული ინფორმაციით, ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.

„გვერდზე უთესია ხორბალი და თაგვის წამალი შეჰქონდა. არაფერი არ მომხდარა. იქაურია მამაო, ავნეველი კაცია და თავის მიწის გვერდზე იდგა. უნდა გავიდე და ჩემ მიწას ვაკოცოო, მოენატრა,“ - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები, ნიკოლოზ ესიაშვილი.

ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ რუსი ოკუპანტების მიერ ადამიანების გატაცების ფაქტები ნიქოზში ხშირია. მოსახლეობა ამბობს, რომ მუდმივად შიშში უწევთ ცხოვრება და ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ.

მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია სადამკვირვებლო მისია.

მამა დავითი და მისი ოჯახი ოკუპირებული სოფელ ავნევიდან არის დევნილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტები მას დღეს გაათავისუფლებენ. 

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

დღის ამბები