გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი ჰოლანდიის ელჩს, იოს დოუმას, შეხვდა, რომელსაც ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე მიაწოდა.
გრიგოლ ვაშაძემ ყურადღება რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებულ ოკუპაციასა და ოკუპაციის ხაზის გადმოწევის ფაქტებზე გაამახვილა. საუბარი დავით კირკიტაძის მიმართ მიმდინარე პოლიტიკურ დევნასაც შეეხო.
„თემატიკა, რომელიც ჩვენ სამივე შეხვედრაზე განვიხილეთ, იგივე არის, რაც წინა შეხვედრებზე. ეს არის ბორდერიზაცია, ანუ მცოცავი ოკუპაცია, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს და გაერთიანებული ოპოზიციის პოლიტიკური გეგმები, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ეხება ჩვენი საარჩევნო სისტემის მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადაყვანას და ამისათვის პოლიტიკური კამპანია, რომელიც უკვე დაწყებული აქვს გაერთიანებულ ოპოზიციას და აქ მხედველობაში არ მაქვს მხოლოდ ის 11 ორგანიზაცია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა ერთად მონაწილეობას. მხედველობაში მაქვს მთლიანად ოპოზიციური სპექტრი და იმ ხელმოწერების შეგროვება, რომელსაც კანონი მოითხოვს,“ - განაცხადა ვაშაძემ.