17 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - "ილიაუნის" ბიზნესსკოლის სტუდენტები ქადაგიძის დასაბრუნებლად აქტიურ ბრძოლას იწყებენ 

ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტები გიორგი ქადაგიძის დასაბრუნებლად აქტიურ ბრძოლას იწყებენ. მიუხედავად იმისა, რომ ულტიმატუმის 24-საათიანი ვადა ამოიწურა, ახალგაზრდები საკუთარ გეგმებზე ჯერ არ საუბრობენ.

სტუდენტები გადაცემა არჩევანის დღევანდელ ეთერს ელოდებიან, სადაც ქადაგიძესა და ილიაუნის რექტორ გიგა ზედანიას შორის დებატები გაიმართება. ბიზნესსკოლის დამცველების სამოქმედო გეგმა ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

სტუდენტები ამბობენ, რომ ბიზნესსკოლის ხელმძღვანელად გიორგი ქადაგიძის დარჩენა მათთვის პრინციპულია, რადგან თანამდებობაზე ყოფნისას ქადაგიძემ ბევრი რამ შეცვალა. ახალგაზრდების ნაწილმა კი ბიზნესსკოლაში მხოლოდ იმიტომ ჩააბარა, რომ მიმართულებას ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა.

24-საათიანი ულტიმატუმი ილიას უნივერსიტეტის რექტორს, მოულოდნელი რეორგანიზაციის გამო, თანამდებობიდან განთავისუფლებულმა გიორგი ქადაგიძემ და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პაპავამ, სტუდენტებთან ერთად, წაუყენეს. გიგა ზედანიამ ულტიმატუმს არ უპასუხა და ღიად განაცხადა, რომ მოთხოვნა რეორგანიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება.

ამ დროისათვის ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში, რეორგანიზების გამო, არჩევითი თანამდებობებიდან ყველა თანამშრომელი განთავისუფლებულია. როგორ აპირებენ საკუთარი ინტერესების დაცვას და დაიწყება თუ არა სტუდენტური საპროტესტო ტალღა, ეს სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები