გიორგი ქადაგიძე ილიაუნის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილით ინტერესდება. ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანში ისაუბრა. ყოფილი დეკანი აცხადებს, რომ 60-მილიონიანი ბიუჯეტის განკარგვა გაუმჭირვალედ ხდება.
„მე მაქვს კითხვები, სად და როგორ იხარჯება ფული. 60-მილიონი უნივერსიტეტის ბიუჯეტი, რომელიც არის სრულიად გაუმჭირვალე, რომელიც, მაგალითად, 27 დეკემბერს წარმომადგენლობითმა საბჭომ ისე დაამტკიცა ერთ დღეში, რომ საბჭოს არც ერთ წევრს, ყოველ შემთხვევაში, ბიზნესსკოლის წევრს, წინასწარ არ უნახავს,“ - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
მის ამ განცხადებას არ ეთანხმება ილიაუნის რექტორი.
გიგა ზედანია აცხადებს, რომ ბიუჯეტი მთლიანად გამჭირვალეა და ამასთან, სასწავლებელს ყოველ წელს ამოწმებს სახელმწიფო აუდიტი.
„ეს არის აბსოლუტური არასწორი ინფორმაცია. ყველა პროფესორს არა აქვს საშუალება, რომ ბიუჯეტის ყველა დეტალი გაარკვიოს. მაგრამ ბიუჯეტი არის გამჭირვალე. ბიუჯეტი მთლიანად არის სახელმწიფო ხაზინაში,“ - განაცხადა გიგა ზედანიამ.
მისივე თქმით, ბიუჯეტზე ინფორმაცია ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია. გიგა ზედანია აცხადებს, რომ თავად ბიზნესსკოლას არ წარმოუდგენია წლიური ბიუჯეტი ადმინისტრაციისთვის.
"ბატონმა გიორგიმ თქვა, რომ არ წარადგენდა ფაკულტეტის ბიუჯეტს, რაც მისი, როგორც დეკანის, მოვალეობა იყო," - განაცხადა გიგა ზედანიამ.