ახალი დეტალები კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ დაპირისპირებაზე - 21 წლის ელჯან ეფენდიევის ოჯახი ახალგაზრდაზე ფიზიკურ ძალადობას ადასტურებს და ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა.
დაზარალებულის მამა ჰყვება, რომ მის შვილს სერჟანტმა და წვევამდელებმა სცემეს, რის გამოც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
"ჩემმა შვილმა მითხრა, რომ სერჟანტმა ჩაკეტა ერთ ჯარისკაცთან ერთად და უთხრა თვენი საქმე გააკეთეთო. შემდეგ რამდენიმე სამხედრომ ჩემს შვილს სცემა. სერჟანტმაც დაარტყა უკნიდან და უგონო მდგომარეობაში რუსთავის საავადმყოფოში წაიყვანეს. იქ ცოტა უკეთ იყო, მაგრამ ღამის სამ საათზე ჰოსპიტალში გადმოიყვანეს. პატრულსაც შეატყობინეს, ისინი კი სამხედრო პოლიციას დაუკავშირდნენ. ასეთი სერჟანტისგან რა უნდა ისწავლონ? ქვეყანას რომ დასჭირდეს როგორ უნდა მოამზადოს მან ჯარისკაცები?"-ამბობს ეფენდიევის მამა.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში კი წვევამდელზე რაიმე სახის ფიზიკურ ზეწოლას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ახალგაზრდას მხოლოდ ემოციური ფონის გამო მკურნალობენ, თუმცა კლინიკის დატოვების ულფებას ელჯან ეფენდიევს არ აძლევენ.