17 ნოემბერი 2024,   10:21
ვრცლად
21 წლის წვევამდელის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ოჯახი სერჟანტს ადანაშაულებს

ინციდენტი კრწანისის სასწავლო ცენტრში - მომხდართან დაკავშირებით 21 წლის წვევამდელის ოჯახი სერჟანტს ადანაშაულებს. თუმცა, რა მოხდა გვიან ღამით სასწავლო ცენტრში, დაზუსტებით არავინ იცის.

წვევამდელი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა. წვევამდელის ოჯახი ამტკიცებს, რომ ის სამხედრო ბაზაზე ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

ელბრუს ეფენდიევი „კურიერს“ უყვება, რომ მისი შვილი მეთაურმა ჯერ ოთახში სხვა ჯარისკაცებს აცემინა, ბოლოს ფიზიკურად თავად იძალადა.

ოჯახი ამბობს, რომ სამხედრო ნაწილიდან რამდენიმე კვირის წინ ის სახლში ნაცემი დაბრუნდა, თუმცა გაჭირვებული ოჯახისათვის შვილის ხელფასი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მაშინ გაჩუმება არჩიეს.

სოფელ ქეშალოში, სადაც ნაცემი წვევამდელი ცხოვრობს, „კურიერს“ უყვებიან, რომ მათ რაიონში მცხოვრები ჯარისკაცებს სამხედრო ნაწილებში ხშირად სცემენ და ისინი სოფელში სხეულზე მრავლობით დაზიანებებით ბრუნდებიან.

ელჯან აფანდიანი რუსთავის კლინიკიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გამთენიას გადაიყვანეს. ექიმები ამტკიცებენ, რომ წვევამდელს არანაირი დაზიანება არ აქვს, თუმცა ჰოსპიტალში მაინც ტოვებენ, იმისთვის, რომ მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას დააკვირდნენ.

კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ შემთხვევას სამხედრო პოლიცია იძიებს. საქმეს უკვე სწავლობს სახალხო დამცველის აპარატიც.

ავტორი: ჯეიჰუნ ნარზალოვი.

ამავე თემაზე
დღის ამბები